ბელგიაში ყოველი ათი ადამიანიდან ექვსი რეგულარულად გასცემს ქველმოქმედებისთვის – ამას აჩვენებს კვლევა „ფილანთროპიის ბარომეტრი“, რომელსაც პერიოდულად აქვეყნებს King Baudouin Foundation. საინტერესოა, რომ ევროპის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 40%-ს შეადგენს.
კვლევა ეფუძნება როგორც მოსახლეობის გამოკითხვებს, ისე საბანკო მონაცემებს და მიუთითებს, რომ სხვების დახმარება ბელგიაში უკვე ერთგვარ ეროვნულ თვისებად ყალიბდება. გამოკითხულთა უმრავლესობა ქველმოქმედებას თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნევს.
დონაციების მიმართულებები ასე ნაწილდება:
- 64% თანხას სამედიცინო კვლევებზე ხარჯავს
- 53% – საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე
- 46% – სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში
- 32% – გარემოს დაცვაზე
- 28% – კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე

ყველაზე აქტიური დონორები 35 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, ხოლო ყველაზე მაღალი ჩართულობა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება. ახალგაზრდები შედარებით ნაკლებად აქტიურობენ, თუმცა უფრო მეტად ინტერესდებიან თანამედროვე ფორმატებით – მაგალითად, სოციალური მეწარმეობით და ონლაინ დაფინანსებით.
სახელმწიფო დონორებს საგადასახადო შეღავათებითაც უჭერს მხარს, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ მთავარი მოტივაცია ფინანსური სარგებელი არ არის – გამოკითხულთა თითქმის სამი მეოთხედი აცხადებს, რომ მზად არის, ქველმოქმედება იგივე დონეზე გააგრძელოს, თუნდაც საგადასახადო წესები შეიცვალოს.
ექსპერტების შეფასებით, ასეთი მაღალი ჩართულობა მნიშვნელოვანი რესურსია სოციალური ინოვაციების განვითარებისთვის – კერძო დონაციები ხშირად ახალ პროექტებს ეხმარება ეკოლოგიის, კულტურისა და ინკლუზიის სფეროში.