LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი კვლევის მიხედვით, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას და კანდიდატ ქვეყანასაც ვუსწრებთ.. მთავარია, ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს“ – შალვა პაპუაშვილი

141
fot

რუმინეთში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი იწყება. რამდენიმედღიანი ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები. შალვა პაპუაშვილი პლენარულ სესიაზე სენატის წევრებს სიტყვით მიმართავს.

რუმინეთში ვიზიტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ რუმინეთს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

„დღეს რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს ვიწყებთ. შესაძლებლობა გვექნება, როგორც სენატში, ასევე წარმომადგენლობით პალატაში შეხვედრები გვქონდეს. პატივი მექნება, სენატის წინაშე სიტყვით გამოვიდე.

რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ჩვენს კოლეგებთან საუბარი, მათი მხარდაჭერის მოპოვება.

რუმინეთს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით იმ პროექტებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა იწყება. მათ შორის, შავი ზღვის ღრმაწყლოვანი კაბელი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს დააკავშირებს. ეს შესაძლებლობას შექმნის, ევროკავშირმა განახლებადი ენერგია მიიღოს, მათ შორის საქართველოდან.

ამას გარდა, რუმინეთს განსაკუთრებული როლი აქვს ახლანდელი ინტეგრაციის პროცესში. მას მოლდოვის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს და ჩვენი სურვილია, ამ თვალსაზრისითაც მეტი იყოს მათი მხარდაჭერა. ცოტა ხნის წინ კანონპროექტების მთელი პაკეტები გადავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში.

დარწმუნებული ვარ, პოზიტიური შეფასებები გვექნება და მეორეს მხრივ ვაჩვენებთ, რომ ჩვენს წილ საქმეს ვაკეთებთ. მთავარია, ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. ბევრი კვლევის მიხედვით, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას და კანდიდატ ქვეყანასაც ვუსწრებთ სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს შედეგია იმ რეფორმების, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში განხორციელდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია  რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შალვა პაპუაშვილთან ერთად შედიან დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გენრიეტა წიწავა და ეკატერინე სეფაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g