ბიძინა ივანიშვილისთვის კამერებთან გამოჩენა ძალიან რთული იყო, ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში მედიასთან შეხვედრისას ცეზარ ჩოჩელზე გაკეთებული განცხადების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით არასწორი განცხადება გააკეთა და ჩოჩელი იმ მაჟორიტარებში აერია, რომლებიც ”ნაციონალური მოძრაობიდან” შევიდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ ”ქართული ოცნების” მხარეს გადავიდნენ.
”ჩოჩელი გუბერნატორი ყოფილა, საერთოდ არ ვიცნობ და ზედმეტი დახასიათება გამომივიდა, რაზეც მძიმე საყვედური მივიღე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძისგან. ბოდიშიც მოვუხადე, რადგან მართლაც შემეშალა. დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინარულად ჩაერთო ჩვენს გუნდში. როდესაც მოვედი პოლიტიკაში 2011 წელს, გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო. დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი, ძალიან კვალიფიციური ექიმია. მას რჩევებს ვეკითხებოდი. მცხეთაში ვისზეც აქცენტი გავაკეთეთ, რამდენჯერმე ჩაგვეშალა. ამ პროცესში სულ მეხმარებოდა. დავრჩით ისე, რომ კანდიდატი აღარ გვყავდა. შევხედე და ვკითხე, ხომ არ წახვალ-მეთქი. უი, რას ამბობ, ბატონო ბიძინა, არასდროს არ მიფიქრია პოლიტიკაზეო. ასეთი კაცი ასე დავითანხმე, ასე შემოვიდა, ძალიან ნიჭიერი კაცია და სწრაფად გადაეწყო. მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო, არ დაგიმალავთ. კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა. ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძე. ძალიან წესიერი პიროვნებაა. გამოვიდა ის, რომ ჩოჩელს დამოუკიდებელ კანდიდატად დაუყენებია თავი მცხეთაში, მე ის გუნდის წევრად დავასახელე და ამერია გოჩა ენუქიძეში. ასეთი გადაცდომა მომივიდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.