Shaboozey-იმ ჰიტით – A Bar Song (Tipsy) ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” პირველობა დაიბრუნა. სიმღერამ ლიდერობა წინა კვირას მეორედ, ისევ მხოლოდ ერთი კვირით დათმო, თუმცა ამ კვირის განახლებული შედეგით, პოზიცია კვლავ გაიმყარა.
ამრიგად, 2024-ის ერთ-ერთმა ტოპ ჩანაწერმა ახალი რეკორდიც მიითვალა და ჰიტ-აღლუმის 16 კვირიან რეკორდსმენთა სიაში შევიდა. აქამდე, 16 კვირიანი პირველობა ლუის ფონსის, დედი იანკისა და ჯასტინ ბიბერის კოლაბორაციას Despacito, მერაია ქერისა და Boyz II Men-ის დუეტს One Sweet Day და მორგან უოლენის ტრეკს – Last Night ეკუთვნოდათ.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას კომპოზიციას პირველობა, სწორედ ამ უკანასკნელის უახლესმა სინგლმა – Love Somebody დაათმობინა.
იმ შემთხვევაში, თუ 29 წლის არტისტის გამორჩეული ნამუშევარი მომავალ კვირასაც რეიტინგის დომინანტი იქნება, მაშინ ის 17 კვირიან რეკორდს მიაღწევს. 17 კვირიანი პირველობის რეკორდი აქამდე მხოლოდ Lil Nas X-მა და ბილი რეი საირუსმა გადალახეს. ჩარტის 66 წლიან ისტორიაში, Old Town Road ერთადერთია, რომელმაც რეიტინგის წამყვანი პოზიცია ყველაზე დიდხანს დაიკავა. 2019 წელს, ის 19 კვირა ჰიტ-პარადის ლიდერი იყო, რაც ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია. ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” სიმღერის სოლო ვერსია Lil Nas X-ის შესრულებით 13 აპრილს, მომდევნო კვირიდან კი, ბილი რეი საირუსის თანხლებით მოექცა.
შეგახსენებთ, რომ A Bar Song (Tipsy) Shaboozey-ის 2024 წლის მესამე სტუდიური ალბომის – Where I’ve Been, Isn’t Where I’m Going მეოთხე სინგლია. თავდაპირველად, სიმღერა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” სათავეში 13 ივლისს მოექცა, შემდეგ პირველი ადგილი ერთი კვირით კენდრიკ ლამარის ჰიტის – Not Like Us გამო დათმო, ხოლო 27 ივლისიდან, ლიდერი პოზიციის გამყარება დაიწყო.