,,ბილბორდის ცხელი ასეულის” 66 წლიან ისტორიაში, პირველობის ყველა დროის რეკორდი განმეორდა.
საქმე ისაა, რომ Shaboozey-ის ჰიტი – A Bar Song (Tipsy) მეორე სიმღერა გახდა, რომელმაც ჩარტში პირველი ადგილი ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით, 19 კვირით შეინარჩუნა.
თავდაპირველად, სიმღერა ჰიტ-აღლუმის სათავეში 13 ივლისს მოექცა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მან პირველი ადგილი ორჯერ დათმო.
შედეგად, 2024-ის ერთ-ერთმა ტოპ ჩანაწერმა Lil Nas X-ისა და ბილი რეი საირუსის ჰიტის – Old Town Road რეკორდი გაიმეორა. 2019 წელს სიმღერა პირველ ადგილს სწორედ 19 კვირით იკავებდა, რითაც რეიტინგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა.
აღსანიშნავია, რომ ეს წლის ბოლო არასადღესასწაულო სიმღერების ჩარტია. როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისიდან ბოლო დროის ჰიტებს ,,ბილბორდის ცხელ ასეულში”, საშობაო და საახალწლო კომპოზიციები ჩაანაცვლებს.
იმ შემთხვევაში, თუ A Bar Song (Tipsy) მომავალ კვირასაც დომინანტი იქნება, მაშინ ის ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” 66 წლიან ისტორიაში ახალ რეკორდს დაწერს. სიმღერა გახდება პირველი და ერთადერთი, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით, 20 კვირით დაიკავებს.