გერმანიაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის გამო ინფიცირების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. ამის შესახებ შეშფოთება გამოთქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
„ჩვენ ახლა, არსებითად, ახალ პანდემიაში ვართ. ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა. პრინციპში, ახალი ტიპის, მაგრამ ძალიან განსხვავებული მახასიათებლების მქონე ვირუსის წინაშე ვდგავართ, რომელიც უფრო ფატალური და უფრო გადამდებია“, – აღნიშნა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა გუშინ გამართული რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ „ლოქდაუნის“ 18 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.
მათივე გადაწყვეტილებით აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 1-5 აპრილს, ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. აღნიშნულ პერიოდში დაიხურება ყველა მაღაზია.
სუპერმარკეტები მხოლოდ შაბათ დღეს, 3 აპრილს, იმუშავებენ.
აღდგომის დღეებში კი მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, კერძო წვეულებებზე შეკრებილების რაოდენობა ხუთს არ უნდა აღემატებოდეს და სტუმრების მიღება მხოლოდ ერთი ოჯახიდან იქნება დასაშვები.
შეგახსენებთ, გერმანია ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.