მას შემდეგ, რაც ბრიუს სპრინგსტინმა საიმიგრაციო სამსახურის აგენტების მიერ ორი ამერიკელის მკვლელობის გამო ემოციური სიმღერა – Streets of Minneapolis გამოუშვა, „ბოსი“ მინესოტაში ჩავიდა. მუსიკოსმა მასშტაბურ საპროტესტო აქციაში სახელწოდებით – National Shutdown მიიღო მონაწილეობა.
საპროტესტო ტალღის ლოზუნგი: „არა სამუშაოს, არა სწავლას, არა შოპინგს. შეწყვიტეთ ICE-ის დაფინანსება“ გახლდათ. ამერიკელებმა ამ გზით საკუთარი ბრაზი გამოხატეს და ცვლილებები მოითხოვეს. პარასკევს, მცირე და მსხვილმა ბიზნესებმა მუშაობა შეაჩერეს, სოლიდარობის ნიშნად გადაღებები პოპულარულმა სერიალმა – „გრეის ანატომიამაც“ შეწყვიტა.
ფედერალური ძალების მხრიდან თვეების განმავლობაში მიმდინარე რეიდებმა, გატაცებებმა, ძალადობამ და რეპრესიებმა პიკს მიაღწია. მინესოტას შტატის დედაქალაქში საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) თანამშრომლების მიერ ალექს პრეტისა და რენი გუდის მკვლელობამ მთელი ქვეყანა და მსოფლიო MAGA-ს (Make America Great Again) ადმინისტრაციის თვითნებობის წინააღმდეგ გააერთიანა.
სპრინგსტინი E Street Band-ის ვეტერანთან, ტომ მორელოსთან ერთად, ლეგენდარული კლუბის, First Avenue სცენაზე წარდგა.
აღსანიშნავია, რომ როკ ლეგენდისთვის პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება უცხო არ არის — ის წლებია საკუთარი შემოქმედებითა თუ საჯარო მხარდაჭერით სხვადასხვა მოძრაობებისა და კანდიდატების გვერდით დგას. ბრიუსი დონალდ ტრამპის სასტიკი და ავტორიტარული პოლიტიკის დაუნდობელი კრიტიკოსია. მას შემდეგ, რაც 2024 წელს კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიას უჭერდა მხარს, ვარსკვლავი კიდევ უფრო მწვავედ დაუპირისპირდა თეთრ სახლში დაბრუნებულ ტრამპს.
ეს კრიტიკა სულ სხვა მასშტაბზე 28 იანვარს გადავიდა, როცა ინტერნეტში სიმღერა – Streets of Minneapolis გამოჩნდა. 76 წლის სპრინგსტინმა ჩანაწერით „მეფე ტრამპი და მისი კერძო არმია“ მიწასთან გაასწორა და სიმღერაზე ემოციური ვიდეოც გამოუშვა.
29 იანვარს თეთრმა სახლმა გაღიზიანება ვერ დამალა და სპრინგსტინის შემოქმედებას „არარელევანტური“ და „ცრუ“ უწოდა. გასულ წელს, როდესაც ეკრანებზე სპრინგსტინის ბიოგრაფიული ფილმი – Deliver Me From Nowhere გამოვიდა, მუსიკოსმა ტრამპის მმართველობას „კორუმპირებული, არაკომპეტენტური და მოღალატეობრივი“ უწოდა, რაზეც პრეზიდენტმა მას „ჩამომჭკნარი როკერი“ შეარქვა.