BTS-ის წევრებმა სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, ჯგუფის სახელით კიდევ ერთი სიახლე დააანონსეს. გარდა იმისა, რომ 4 წლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, ბენდი 20 მარტს ახალ ალბომს – Arirang გამოუშვებს, ასევე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ტურნეს გამართავს.
გაირკვა, რომ K-pop სენსაციის ტურნე მომავალ წლამდე გასტანს. ტურნე სტარტს 9 აპრილს, სამხრეთ კორეიდან აიღებს და 2027 წლის 14 მარტს, ფილიპინებში დასრულდება. ამ დროის განმავლობაში, გუნდი კონცერტებს აზიის, ამერიკის, ევროპისა და ოკეანეთის მასშტაბით ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ,,ბითიესის” წევრები – ჯინი, ჯეი-ჰოუპი, RM, შუგა, ჯიმინი, V და ჯონგუქი სამხრეთ კორეის ჯარში სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიდნენ, რის გამოც ჯგუფს შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა აღებული. ცნობილი ფაქტია, რომ იმ ფონზე, როცა სამხრეთ კორეას დაძაბული ურთიერთობა აქვს მეზობელ ჩრდილოეთ კორეასთან, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 28 წლამდე შრომისუნარიანი ყველა კაცი ვალდებულია 18 თვე არმიაში იმსახუროს.