ანტვერპენისა და გენტის უნივერსიტეტების (ბელგია) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბუნების ხმები – ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი ან წყლის ჩხრიალი – ქალაქის გარემოს უფრო სასიამოვნოს ხდის, თუნდაც ირგვლივ დიდი დოზით სატრანსპორტო ხმაური იყოს. სიახლის შესახებ გამოცემა UWE Bristol წერს.
კვლევაში 4,5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და მათ საკუთარ უბნებში სეირნობისას ხმოვანი გარემო შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც პარკებისა და მწვანე ზონების სიახლოვეს ცხოვრობდნენ, ნაკლებად უჩიოდნენ ხმაურს. ხმაურის დონე ქალაქისთვის ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ადამიანები მას სუბიექტურად ნაკლებად შემაწუხებლად აღიქვამდნენ.
ეს ეფექტი გენტის ერთ-ერთ პარკში ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა: როდესაც დამალული დინამიკებიდან ბუნების ხმების ჩანაწერები უკრავდა, მონაწილეებს ეჩვენებოდათ, რომ მანქანების ხმაური შემცირდა, თუმცა რეალურად მაჩვენებლები უცვლელი იყო.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ეფექტი შეიძლება ქალაქის დაგეგმარებისას გამოიყენონ – მაგალითად, ხმაურიან უბნებში ბუნების ხმების გაჟღერებით. თუმცა, ასეთი პრაქტიკის დროს სიფრთხილის გამოყენებაა საჭირო: თუ ირგვლივ მწვანე სივრცე არ არის, ხელოვნური ჩანაწერები შეიძლება არაბუნებრივად ჟღერდეს და გაღიზიანებაც გამოიწვიოს.
საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ ტყეში 20-წუთიანი გასეირნება სტრესის დონეს ამცირებს.