Cadillac-მა და აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) ელექტრული კროსოვერის Cadillac Vistiq-ის მასშტაბური გაწვევის კამპანია გამოაცხადეს. პრობლემა მესამე რიგის სავარძლებს უკავშირდება, რომლებიც დაბრკოლებასთან შეჯახებისას უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად პოტენციურ საფრთხედ იქცევა.
გაწვევა მოიცავს 2026 და 2027 წლის მოდელის ყველა Vistiq-ს, რომელიც ამერიკულ ბაზარზეა გაყიდული – საერთო ჯამში 14 540 ავტომობილს.
კომპანიის შიდა ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ სავარძლების ელექტრო მექანიზმი დაბრკოლებასთან შეხებისას მოძრაობას აჩერებს, თუმცა საწყის მდგომარეობაში აღარ ბრუნდება. NHTSA-ის შეფასებით, ასეთმა გაუმართაობამ შესაძლოა ტრავმა გამოიწვიოს – მაგალითად, ბავშვს სხეულის ნაწილი სავარძლის ბალიშსა და საზურგეს შორის მოექცეს.

Cadillac-ს უკვე მიღებული აქვს ექვსი ოფიციალური შეტყობინება მომხმარებლებისგან, რომლებმაც აღნიშნული პრობლემა პრაქტიკაში აღმოაჩინეს.
დილერები ავტომობილებზე სავარძლების მართვის ელექტრონულ მოდულებს უფასოდ შეცვლიან, თუმცა საჭირო კომპონენტები ამ ეტაპზე ჯერ სრულად ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ კომპანიამ მფლობელებს დროებით მესამე რიგის სავარძლების ელექტრო დაკეცვის ფუნქციის გამორთვა ურჩია.
პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე 2027 წლის მოდელის Vistiq-ის მიწოდებაც შეჩერებულია.