LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება, უკვე დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასში, ყირიმში და ვერ დავუშვებთ კვლავ – ესტონეთის პრემიერი

79
Estonian Prime Minister Kaja Kallas speaks during a press conference with U.S. Secretary of State Antony Blinken on the occasion of their meeting, in Tallinn, Estonia, on Tuesday, March 8, 2022. Blinken was meeting with senior Estonian officials in Tallinn on Tuesday, a day after hearing appeals from both Lithuania and Latvia for more support and greater U.S. and NATO troop presence to deter a feared Russian intervention. (Olivier Douliery/Pool Photo via AP)

ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება, ჩვენ უკვე დავუშვით ეს შეცდომა სამჯერ, საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ვერ დავუშვებთ ამ შეცდომას კვლავ – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

ესტონეთის პრემიერმა ისაუბრა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე რეაგირებასთან დაკავშირებით ევროპული ერთიანობის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება მაღალი ინფლაციისა და ფასების გამო.

„გარდიანის“ ცნობით, კაია კალასმა ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინისთვის კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავლის უზრუნველყოფის მცდელობისთვის.

„ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც სანქციები ჩვენს მხარესაც აზარალებს. თავდაპირველად, სანქციები რთული იყო მხოლოდ რუსეთისთვის, თუმცა ახლა ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი საკუთარი ქვეყნებისთვისაც და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენი ტკივილის ასატანად ვართ მზად. ეს სხვადასხვაა სხვადასხვა ქვეყნისთვის. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია, სულ უფრო და უფრო რთული ხდება მაღალი ინფლაციისა და ენერგორუსურსების ფასის გამო“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, „გაზი შეიძლება, ძვირი იყოს, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია. თავისუფალ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანები ამას რეალურად ვერ აცნობიერებენ“.  კაია კალასის განცხადებით, ის მოზარდი იყო, როდესაც „რუსეთის ტოტალიტარული ციხიდან გათავისუფლდა“.

„მე ვიცი, რა გრძნობაა ეს და ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება. თუმცა, ეს არ გამოუცდიათ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას. ასე რომ, ღირებულებები შეიძლება, გაქრეს, როგორც კი ტკივილს საკუთარ თავზე იგრძნობთ“, – აღნიშნა მან.

კაია კალასმა გააკრიტიკა ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან საუბრის გამო.

„მე ვერ ვხედავ მასთან საუბრის აზრს. თუ ჩვენ გვსურს, ჩვენი გზავნილი იყოს, რომ ის იზოლირებულია, ის ამისთვის დაუსჯელი არ დარჩება და პასუხს აგებს ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის“, – განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება.

„მე ძალიან მაღელვებს ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, ვინაიდან ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება. ჩვენ უკვე დავუშვით ეს შეცდომა სამჯერ, საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ვერ დავუშვებთ ამ შეცდომას კვლავ“, – განაცხადა კაია კალასმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები