„ქართული ოცნების” ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი სარგებლის მოტანა აღარ შეუძლია საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის. წარმოუდგენელია, ეს ძალა ისე გარდაისახოს, ნორმალურ რელსებზე დადგეს“, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ჩიხრაძის თქმით, საქართველოს აქვს დიდი მომავალი და პასუხს აგებს ის, ვინც მას ჩახერგავს.
ფიქრია ჩიხრაძემ ისაუბრა ფაქტორებზე, რომელიც მისი შეფასებით, განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ახლა „ცუდი, მძიმე და სავალალო ვითარებაა”.
„როდესაც მდგრადი განვითარების სახელმწიფოები, ძლიერი ეკონომიკებითა და ძლიერი უსაფრთხოებებით ფიქრობენ და ერთმანეთს უზიარებენ, ამ ახალ დროში უსაფრთხოების როგორი მექანიზმები, გაწონასწორებული, უფრო დაცული სისტემა შეიქმნას და ა.შ. – ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ? ჩვენ გვყავს ბიძინა ივანიშვილი – რაღაც გაუგებარი წარმოდგენების ავტოკრატი დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯებით და არალეგიტიმური ხელისუფლება.
ევროპისკენ ჩაგვიხერგეს გზა, ნაცვლად იმისა, რომ ყოველდღე ახალ პარტნიორს ვიძენდეთ. ახლა მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, სამთავრობო და საპარლამენტო შემადგენლობა უნდა იყოს დაძრული და მთელს მსოფლიოში ვეძებდეთ პარტნიორებს, ჩვენს ხედვასა და თავს უნდა ვთავაზობდეთ, როგორც უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფორმულებში აუცილებელ და საჭირო ელემენტს.
გურიაში სტიქია იყო და „დიფ სტეიტზე” აცხობდნენ ერთი მეორეს მიყოლებით ტექსტებს, აზრად არ მოსდიოდათ, რომ ხელისუფლება ჰქვიათ და ხალხს დახმარება სჭირდებოდა, ეს რომ ხელისუფლების მოვალეობაა, ამასაც კი ვეღარ ხვდებიან.
„ქართული ოცნების” ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი სარგებლის მოტანა უკვე აღარ შეუძლია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. წარმოუდგენელია, ეს ძალა ახლა ისე გარდაისახოს, ნორმალურ რელსებზე დადგეს. ჩვენ ერთადერთი რამ ვიცით, რომ ისინი მხოლოდ თავიანთ ფინანსურ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ, ამიტომ, საქართველომ თავს უნდა უშველოს.
ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი და ძალიან სერიოზულად მიეზღვება ყველას, ვინც ამ მომავალს ჩაეხერგა წინ. პოლიტიკა სწორედ ის ინსტრუმენტია, რომ შენი ქვეყნის ინტერესი გქონდეს კარგად გააზრებული და ამ ინტერესიდან გამომდინარე, ეძებდე პარტნიორებს”, – განაცხადა ჩიხრაძემ.