პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თავის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს.
„ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება ნაციონალური მოძრაობისა და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან.
დღეს, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ ნაბიჯებს და არა უკრაინაში ოკუპანტის მიერ წარმოებულ ომს, ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ!
ასევე, აღვნიშნე, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი უკრაინის ხელისუფლებისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები.
ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის. თითქოს, ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი.
რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყანაა პასუხისმგებელი უკრაინაში ომის წარმოებაზე და იმ შედეგებზეც, რაც იქ ხდება!“ ,- დაწერა ანრი ოხანაშვილმა.
