მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს – ანა გელაშვილი, რომელიც გური დადიანიძის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს „დღის ამბებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია.
ანა გელაშვილი, რომელიც კახა გელაშვილის შვილია და გური დადიანიძის მეგობარი, დეტალურად იხსენებს 12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე მომხდარ მოვლენებს.
„ჩვენი მეგობარი არის ცოცხალი, ჩემი ვერსია ეს არის, რომ ჩემი მეგობარი უნდა იყოს ცოცხალი, იმიტომ, რომ ჩემი გონება ვერასოდეს დაუშვებს იმას, რომ ის არის გარდაცვლილი. იმიტომ, რომ მე ის გარდაცვლილი მდგომარეობაში არ მინახავს. შესაბამისად ვიწყებ ფიქრს, თუ სად შეიძლება იყოს ეს ადამიანი ცოცხალი და როდესაც ამაზე ვფიქრობთ ვერ გავაჟღერებთ ყველა დეტალს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე… ვინ იცის იქნებ მიყურებდეს კიდეც და ძალიან მინდა დაგვიბრუნდეს”, – ამბობს ანი გელაშვილი.
გელაშვილი „დღის ამბებს“ უმხელს, რომ ის ერთ-ერთია იმ 20 გამოკითხულ შორის, რომელიც ბოლო ერთ თვეში გამოძიებამ გამოკითხა. საქმის ოქროს მოწმე საუბრობს ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც უფლებადამცველის თქმით ისმის ხმა „კახა არ მიმატოვო, გეხვეწები“.
ანა გელაშვილის თქმით, ეს ხმა გურიკას ხმას არ შეესაბამება. როგორც გოგო ამბობს, აუცილებელია რომ ხმის ექსპერტიზა ჩატარდეს.
რაც შეეხება თვითონ ვიდეოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას, საერთოდ. დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის გურიკას ხმა – დედა არის ძალიან ტრავმირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში და ყველა ხმა შეიძლება მიამსგავსოს და მე სავსებით მესმის მისი, მისი ტკივილის და არ არის ეს გასაკვირი, რომ დედამ ვიღაცის ხმა მიამსგავსა მისი შვილის ხმას. თუმცა, როგორც ვიცი [ვიდეო] ექსპერტიზას აქვს და ამის ავთენტურობა უნდა დადგინდეს, მაგრამ პირადად ჩემთვის ვიდეოს ავთენტურობაზე მეტად მნიშვნელოვანია ხმის ავთენტურობა. ვიდეო შეიძლება იყოს ავთენტური – ვიდეოში არსებული ხმა შეიძლება არ იყოს დადებული და იყოს რეალური კადრი, საერთოდ დაუმონტაჟებელი და პირდაპირ ატვირთული, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს გურიკას ხმაა. უნდა მოხდეს ხმის ავთენტურობის დადგენა, უნდა დადგინდეს ხმის ავთენტურობა – არის თუ არა ეს გურიკას ხმა”, – ამბობს ანა გელაშვილი.
საქმის ოქროს მოწმე ასევე „ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერიდან მიმართავს საპატრიარქოსაც:
„მინდა მივმართო საპატრიარქოს, ძალიან გთხოვთ დედას აცნობოთ, თუ რომელიმე ეპარქიაში, ერთხელ მაინც ნახეს გური“, – ამბობს გელაშვილი.
