ჩინეთში დაიწყო ხმაურიანი საპატენტო დავა, სადაც მცირე ზომის კომპანია Shandong Yanlu NEV ელექტრომობილების გიგანტს Xiaomi-ს დიზაინის პლაგიატში ადანაშაულებს. საქმის პირველი სასამართლო მოსმენა 26 მარტს გაიმართა.
სარჩელი ეხება Xiaomi-ს ელექტრომობილების რამდენიმე დიზაინერულ ელემენტს – მათ შორის ფარებსა და წინა და უკანა ბამპერებს. მცირე კომპანიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, გააუქმოს აღნიშნული პატენტები, რაც ჩინეთის კანონმდებლობით შესაძლებელია.
Shandong Yanlu NEV, რომლის შტატშიც დაახლოებით 20 თანამშრომელია, აწარმოებს დაბალსიჩქარიან ელექტრომობილებს Yunlei ბრენდის ქვეშ. მათი ერთ-ერთი მოდელი ვიზუალურად მართლაც ჰგავს Xiaomi SU7-სა და Xiaomi YU7-ს – მსგავსება განსაკუთრებით თვალსაჩინოა დიზაინსა და ფერების არჩევანში.


აღსანიშნავია, რომ Xiaomi-ს ავტომობილების დიზაინზე კრიტიკა მანამდეც ყოფილა. მაგალითად, მომხმარებლები ამჩნევდნენ მსგავსებას Porsche Taycan-თან და Ferrari Purosangue-თან. თუმცა კომპანიის მთავარი დიზაინერი აცხადებდა, რომ ბრენდის მიზანი მომხმარებელში ემოციური კავშირის შექმნაა და არა კონკრეტული მოდელების კოპირება.
საქმის პირველი მოსმენის შედეგები ამ ეტაპზე უცნობია. ეს არის პირველი საჯარო საპატენტო დავა Xiaomi Auto-სთვის მას შემდეგ, რაც კომპანია ავტო ბაზარზე გამოჩნდა.