აუქციონზე Bring a Trailer გაიყიდა 2007 წლის Lamborghini Murciélago, რომლის გარბენი 32 ათას კილომეტრს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი იშვიათ საკოლექციო ავტომობილად არ ითვლება, კონკრეტული ეგზემპლარი 344 ათას დოლარად გაიყიდა – რაც თითქმის ახალი Lamborghini Temerario-ს ფასს უტოლდება.
მაღალი ღირებულება განპირობებულია იმით, რომ ავტომობილი სერიოზულადაა გადაკეთებული ცნობილი იაპონური ტიუნინგ ატელიეს, Liberty Walk-ის მიერ.

თავდაპირველად ამერიკული ბაზრისთვის შექმნილი სუპერქარი 2012 წელს იაპონიაში გადაიყვანეს, სადაც მას სრულად შეუცვალეს დიზაინი. შეიცვალა წინა ნაწილი – დამონტაჟდა ახალი ბამპერი, კაპოტი და ოპტიკა, გაფართოვდა ბორბლების თაღები და დაემატა ვენტილაციის ელემენტები. სახურავზე დამატებითი ჰაერის გამწოვიც გამოჩნდა.
უკანა ნაწილში დამონტაჟდა მასიური ანტიფრთა და ინდივიდუალური დიფუზორი. ავტომობილი აღიჭურვა სპეციალურად შექმნილი Rohana-ს დისკებით. ინტერიერში ცვლილებები შედარებით მინიმალურია – დამატებულია Pioneer Carrozzeria-ს მულტიმედია სისტემა და ციფრული უკანა ხედვის სარკე.

ტექნიკური თვალსაზრისით, მოდელი ინარჩუნებს V12 ძრავას: მოცულობა 6.5 ლიტრია, ხოლო კონკრეტულ ვერსიაში მისი სიმძლავრე 640 ცხენის ძალას აღწევს.