სოფელ გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ღამე გაათენეს, ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე აღმართული ბარიკადების მიღმა კვლავ რჩებიან სამართალდამცავები.
რაც შეეხება თავად აქციის მონაწილეებს, მათი პროტესტი გამთენიისას შეწყდა, იქამდე კი, ისე როგორც გასულ ღამეს, მომიტინგეები წუხელაც რკინის ბარიკადებს ხელებს რამდენიმე საათის განმავლობაში ურტყამდნენ.
ამ დრომდე, წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება გასულ ღამით, ხეობაში პოლიციის მიერ დაკავებული 8 პირი. ისინი სამართალდამცავებმა საპოლიციო ჯებირის გადაკვეთის გამო დააკავეს.
დღეიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხეობას იმაში დასარწმუნებლად დაათვალიერებენ, რომ კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ნამდვილად შეაჩერა.
“სხვა რა დაგვრჩენია , ჩვენ არ ვემორჩილებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ვიყოთ ამ ქვეყანაში მონები და შევეგუოთ ყველაფერ უსამართლობას – მიწის გაყიდვას, გასხვისებას,”- აცხადებს მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი მაკა სულაძე.
ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება „ნამახვანჰესთან“ მისასვლელი ორივე გზა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელში შესვლის უფლებას მხოლოდ კომპანიის ტექნიკას არ მისცემენ, ხოლო ადგილობრივებისთვის გადაადგილება თავისუფალია.
აქციის მონაწილეების დღევანდელი გეგმები მოგვიანებით გახდება ცნობილი.