მომღერალ გიორგი ჭოხონელიძისა და ანეტა ნიკურაძის შვილის, ნინას ნათლობა ახლო ადამიანების წრეში, თბილ და მყუდრო გარემოში შედგა.
როგორც ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ნინას ნათლიის არჩევის გადაწყვეტილება დაუგეგმავი და მოულოდნელი იყო, თუმცა სიყვარულით სავსე და ღრმა მნიშვნელობით დატვირთული.
როგორც მისი ემოციური პოსტიდან ირკვევა, ახლა ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსი, ნატო გელაშვილი ნინას არა მხოლოდ ბებია, არამედ უკვე სულიერი მშობელიცაა. სწორედ ნატო გელაშვილს ხვდა უდიდესი პატივი ნინას მონათვლის.
„ესეც ასე, ჩვენი გოგო მოინათლა. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც გულით გვინდოდა, ძვირფასი, ერთგული და სიყვარულით სავსე ადამიანების ვიწრო წრეში. აი, ასე, უბრალოდ და საოცრად, ჩვენს ნატო ბებოს კიდევ ერთი ულამაზესი სტატუსი მიანიჭა ნინამ.
ნატო ბებო/ნათლია სრულად დაუგეგმავად და მოულოდნელად, ასე ინება უფლის განგებამ. მე მჯერა ამ საოცარი, უსაზღვრო სიყვარულის კავშირის, რაც მათ აქვთ და ვისურვებდი ასეთივე მისაბაძი კაცთმოყვარე და საამაყო გოგო გაზრდილიყოს“, – წერს ანეტა ნიკურაძე.
ცნობისთვის, მომღერალ გიორგი ჭოხონელიძესა და მის მეორე ნახევარს, ანეტა ნიკურაძეს მეორე შვილი თებერვალში შეეძინათ. ქალიშვილს ნინა დაარქვეს, წყვილის უფროს ვაჟს კი ლუკა ჰქვია, ბიძის პატივსაცემად.



