LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისანა სეფიაშვილი: „დიდი მადლობა, რომ შვილად ამარჩია… ჯემალი ჩემი გამწევი ძალაა, მის გვერდში დგომას სულ ვგრძნობ…“

1162
ჯემალ-&-ცისანა-სეფიაშვილი

ჯემალ და ცისანა სეფიაშვილები, სადაც უნდა გამოჩნდნენ ერთად, მუდამ დადებით და პოზიტიურ გამოხმაურებებს იმსახურებენ. მათ განსაკუთრებული მამა-შვილობა აქვთ. ამ თემაზე fortuna.ge-ს ვისანა სეფიაშვილი ესაუბრება და ჩვენს კითხვებს სიამოვნებით პასუხობს.

ცისანა სეფიაშვილი: 

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა თბილი შეფასებებისთვის. მადლობა ადამიანებს სიყვარულისთვის, რომლის ქარცეცხლშიც გვახევევენ. ეს იგრძნობა ყოველ წამს, სადაც უნდა გამოვჩნდეთ. აურა, რომელიც ჩვენ ირგვლივაა, მუდამ იგრძნობა. რატომ და რის გამო? ალბათ, იმიტომ, რომ ნამდვილები ვართ. ყველაფერი არის ნამდვილი. ამას ვერ ითამაშებ. სიყვარულით სავსე ადამიანები ვართ, რომლებსაც ერთმანეთი გვიყვარს, ხალხი გვიყვარს, თავად  სიყვარული, რასაც ვაკეთებთ, გვიყვარს, ყოველი დღე და ყოველი წუთი გვიყვარს. ნამდვილი უნდა იყო… ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი…

ბავშვობიდან სულ ურთიერგაგება იყო თქვენ შორის?

ურთიერთგაგება და პატივისცემა ყოველთვის იყო, მაგრამ არ არის ისე, რომ სულ ერთ აზრზე ვართ. ჯანსაღი პოლემიკა და კამათი გვაქვს აბსოლუტურად ყველა საკითხზე. უპირობოდ არც მე ვეთანხმები ჯემალს და არც ის მეთანხმება. ყოფილა შემთხვევები, რომ განსხვავებულ აზრზე ვყოფილვართ…

მამის თვისებებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ და თქვენ რით ჰგავხართ?

როგორც მამაზე, ვერ ვიტყვი. ჯემალი ძალიან დიდი ადამიანია… ამას ადრე, ბავშვობაში, რასაკვირველია, ვერ ვიაზრებდი. ახლაც მავიწყდება ხოლმე, მგონია მხოლოდ მამა, რომელთანაც შემიძლია ვიკამათო ან ჩვეულებრივად ვისაუბრო. მერე მახსენდება, რომ ძალიან დიდია, როცა ვიაზრებ ამას, დიდი სიამაყე მეუფლება.

რა თვისებები მაქვს ჯემალისგან? ღმერთმა ქნას, ბევრი რამ მქონდეს. ალბათ, ადამიანების უპირობო სიყვარული. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ადამიანები ჩათვლიან, რომ  მე მაქვს მისი თვისებები, გარდა იმისა, რომ ვგავარ გარეგნულად,  ჩემი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები თუ მას დაემსგავსებიან, ძალიან გამიხარდება.

ჯემალი ყოველთვის ამბობს, რომ არასწორად გამზარდა, რადგან ეს ცხოვრება ლამაზ ფერებში დამანავხა, ბევრჯერ ამის გამო გული მტკენია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ მას ჩემს აღზრდაში შეცდომა აქვს დაშვებული, რადგან სხვანაირად ვერ გამზრდიდა, ჯემალია თავად ასეთი – უკიდურესად სუფთა ადამიანია და სხვანაირად ჩემი გაზრდა წარმოუდგენელია. გენეტიკას ვერ გაექცევი ვერსად…

 

უფრო მამას გოგო ხართ თუ დედასი?

ძალიან ბევრი საკითხი ყოფილა, სადაც მე და ჯემალი გავერთიანებულვართ. ცხოვრებაა, ხან სანერვიულოა, ხან სამხიარულო. დედამ რომ არ ინერვიულოს, ან პირიქით, სიურპრიზს თუ ვუწყობთ რამეს, ვერთიანდებით მე და ჯემალი. თქვენს კითხვაზე პასუხად გეტყვით, რომ დიდი ცხოვრება გავიარეთ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მამას გოგო ვარ (იცინის).

ყველაზე მეტად მამისგან მხარდაჭერა როდის იგრძენით?

ახლაც, სახლში ვარ, ინტერვიუს გაძლევთ და ჯემალი გვერდში მიდგას. ძლიერი კედელი და ზურგი მყავს. ჯემალი სულ არის. ყოველთვის ჩემი სიძლიერეა. შემიძლია მივიდე, ვიცინო, ვიტირო, ვუთხრა გახსნილად ჩემი ტკივილი თუ სიხარული, ვკითხო რჩევა და მოვისმინო ძლიერი, ჭკვიანი კაცის აზრი. ჯემალი ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გამწევი ძალაა. არც ერთ ეტაპზე სხვანაირად არ ყოფილა. ერთხელ სახლში მივედი და ვუთხარი, ისტორიაში ხუთიანი მივიღე და მათემატიკაში ორიანი-მეთქი და შენ მაგაზე არ ინერვიულოო, მიპასუხა. დედაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მუსიკაზე მევლო, მაგრამ მე არ მქონდა ამის სურვილი და ჯემალმა ჩუმად გამომიყვანა მუსიკიდან – ერთი წელი დედას ვატყუებდით, რომ მუსიკაზე დავდიოდი (იცინის). ბევრი შემთხვევის გახსენება შემიძლია ჩემი ცხოვრებიდან… მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მან მე ამარჩია შვილად…

 

მამა, როგორც ხელოვანი, დაფასებულად მიგაჩნიათ?

ხაზგასმით ვამბობ, რომ ჯემალს პატივისცემა ნამდვილად არ აკლია, მაგრამ რასაკვირველია, მაქვს ძალიან ბევრი გულისწყვეტა. ამაზე ჯემალთან არ ვსაუბრობ. მე, როგორც შვილს, უბრალოდ მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ასეთი დიდი ადამიანები უფრო მეტად უნდა დავაფასოთ, იმიტომ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა. ადამიანები მიდიან, მოდიან, პოლიტიკოსებიც, ხელოვანი ადამიანები კი საუკუნეები რჩებიან და ბევრად მეტი პატივი უნდა ვცეთ, ბევრად დაფასებულები უნდა იყვნენ ყველანაირად, ეს არის მატერიალური თუ სხვა მხარე…

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

mazda magti 5g