LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრების ერთ-ერთ უბედნიერეს მომენტში წავიდა…ზღაპარში გვაცხოვრა, რომელსაც სიკვდილითაც არ მისცა დასრულების ნება…“ – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მფრინავის შვილი მამის შესახებ საუბრობს

537
ზაზა ლორია

29 ივლისს, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას, მფრინავის ზაზა ლორიას და ეკიპაჟის კიდევ 7 წევრის სიცოცხლე შეეწირა. ზაზა ლორიას შესახებ მისი შვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

მედალი სამოქალაქო თავდადებისთვის – პრეზიდენტმა გუდაურში დაღუპულები დააჯილდოვა

„– ანი, როგორი იყო მამას დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი?

ანი ლორია (ზაზა ლორიას შვილი): როგორც თვითონ ამბობდა, თუკი ამ პროფესიით „დაავადდი“, ძნელია განკურნება. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო, სხვაგვარად წარმოუდგენელიც არის, 35 წელი ერთ საქმეს ემსახურო. ყოველთვის ედარდებოდა ავიაციის ბედი და საკუთარი შვილებივით ზრდიდა მომავალ თაობას. ამაყად წავალ, ჩემს შემდეგ ჩემი ბიჭები განაგრძობენ გზასო.

– როგორ დაიწყო მისი, როგორც მფრინავის, კარიერა და რა გზა გაიარა აქამდე?

– 1989 წელს დაამთავრა საავიაციო სასწავლებელი რუსეთში, სადაც გამანადგურებლებით დაფრინავდა. საქართველოში დაბრუნებისთანავე აფხაზეთის ომში მოუწია ფრენა – ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდა, დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცები გადმოჰყავდა. იქიდან მოყოლებული, მთელი თავისი ცხოვრება ემსახურა საქართველოს. ასრულებდა სამაშველო და სახანძრო ოპერაციებს. იყო შემთხვევები, როცა დღეში რამდენიმე მსგავსი ოპერაციის შესრულებაც უწევდა, ასევე, სამოქალაქო ფრენები მთიან რეგიონში, ჩარჩენილი მოსახლეობის ტრანსპორტირების ან გადაუდებელი დახმარების დროს. იყო ყველგან, სადაც მის დახმარებას საჭიროებდნენ.

– როგორც ვიცი, საქმიანობიდან გამომდინარე, აქამდეც არაერთხელ აღმოჩენილა ძალიან რთულ მდგომარეობაში, იქნებ კონკრეტული ისტორიები გავიხსენოთ?

– ოჯახში მსგავსი ისტორიების მოყოლა არ უყვარდა. ვერ გეტყვით, რომ მსგავსი სიტუაცია ბევრი იყო, თუმცა ამის რისკი ყოველთვის არსებობდა.

ერთ-ერთ ბოლო შემთხვევად მყინვარწვერზე დაჯდომის დროს ქარის ცვალებადობას იხსენებდა, როდესაც ვერტმფრენმა ვარდნა დაიწყო. მაშინაც იყო კატასტროფის საშიშროება, თუმცა, საბედნიეროდ, ბოლოს ვერტმფრენის დამორჩილების საშუალება მიეცა. ქარი უდიდესი რისკფაქტორია ფრენის დროს, რომლის ბოლომდე გათვალისწინებაც შეუძლებელია, მით უმეტეს საქართველოსნაირ მთიან რეგიონსა და ვიწრო ხეობებში. თავისი ბიჭები იხსენებენ შემთხვევას, როდესაც ერთ დღეში სამი სამაშველო ოპერაციის შესრულება მოუწიათ. რაჭის წყალდიდობის დროს დაზარალებულების გადმოყვანის შემდეგ სვანეთში გაფრინდნენ, სადაც მოსახლეობა გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა, შემდეგ კი – სამეგრელოში, ტობოვარჩხილის ტბასთან მდებარე კლდიან ფერდობზე გადაჩეხილი ტურისტის ამოსაყვანად გაემართნენ.

35 წლის განმავლობაში მამას ისტორიაში არც ერთი შეუსრულებელი მისია არ ეწერა.

– როგორი იყო თქვენი ოჯახური ცხოვრება? ალბათ, მამის საქმიანობის გამო დაძაბული იყო, იმის შიშით, რომ რამე არ დამართნოდა…

– არა, ასე ნამდვილად არ იყო. ჩვენი და ნებისმიერი მფრინავის ოჯახში ფრენა ყოველდრიურობასთან ასოცირდება. მეტსაც გეტყვით, მთელი ბავშვობა მოუთმენლად ველოდი ხოლმე ცაზე მის გამოჩენას. დაგვირეკავდა: მოვფრინავ და გულისფანცქალით, ხელგაშლილი მივრბოდი მის დასახვედრად. დაბალზე იცოდა გადმოფრენა, ვერტმფრენის გუგუნი და ეს ენით აღუწერელი ემოციები უდიდეს სიამაყესა და სიხარულს მგვრიდა, რომელიც შემდეგ ჩემმა შვილმა, საბამ გადაიბარა. დღემდე მისთვის ყველა ვერტმფრენი ბაბუსთან ასოცირდება.

– ბოლოს როდის გქონდათ მასთან შეხვედრისა და საუბრის საშუალება?

– ბოლოს ტრაგედიის დილას ვისაუბრეთ, შვილიშვილებთან ერთად ისაუზმა და შევთანხმდით, რომ საღამოს აეროპორტში შევხვდებოდით. ბავშვებთან ერთად ვერტმფრენში ფოტოების გადაღება გვქონდა დაგეგმილი.

– როგორ გაიგეთ მომხდარის შესახებ?

– როგორც გვქონდა დაგეგმილი, საღამოს გავემზადეთ, დედასთან და ბავშვებთან ერთად აეროპორტის გზას დავადექით, რა დროსაც მობილურზე ატყდა განგაში, შეტყობინებები: „ხომ მშვიდობაა?“ თავიდან ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, შემდეგ ჩემი ძმის ზარი: „მამა სად არის?“ ვუპასუხე, რომ ყაზბეგში გაფრინდა, მისი რეაქციით მივხვდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, გავხსენი სოციალური ქსელი და მას შემდეგ დღემდე ჭიდილში ვარ, ტვინი არ უშვებს იმ ფაქტს, რაც მოხდა.

– ამ ტრაგედიის შემდეგ, ბევრი ტექნიკის გაუმართაობას უსვამს ხაზს, თუ უსაუბრია მამას როდისმე მსგავს პრობლემაზე?

– გაუმართავი ვერტმფრენით ფრენები არ ხორციელდება. გაფრენამდეც და მანამდეც არაერთხელ ამოწმებენ. კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, გამოძიება დაადგენს.

– ვინ იყო ზაზა ლორია პროფესიის მიღმა, როგორი მეოჯახე და მამა იყო, როგორი ადამიანი, რა პრინციპები ჰქონდა?

– ზაზა ლორია პროფესიის მიღმა იყო უპირობო სიყვარულის არაამქვეყნიური ნიჭით დაჯილოებული ადამიანი. არასდროს არაფერს მოითხოვდა შენგან, უყვარდი ისეთი, როგორიც იყავი. სჯეროდა საკუთარი შვილების, იყო ჩვენი ნებისმიერი წამოწყების პირველი მხარდამჭერი, არასდროს გაგრძნობინებდა ასაკობრივ სხვაობას, ჰქონდა საოცარი იუმორი, უყვარდა ადამიანები. ძნელად გაიხსენებს ვინმე ბრაზმორეულ ზაზას, სახეზე მუდამ სიკეთენარევი ღიმილი ჰქონდა. დედა იყო მისი ყველაზე დიდი სიყვარული, მოტივაცია, იმედი. იტყოდა ხოლმე, „მე ყველაფერს ჩემი თამუნასთვის ვაკეთებო“.

– რას ნიშნავს, იყო ასეთი ადამიანის შვილი?

– მამაჩემი სიცოცხლეშივე იყო ჩემი გმირი და ბედნიერი ვარ, რომ ეს არაერთხელ მოუსმენია ჩემგან. ზღაპარში გვაცხოვრა, რომელსაც სიკვდილითაც არ მისცა დასრულების ნება. დღეს იმაზე ამაყი ვარ, ვიდრე ოდესმე…

– როგორც ვიცი, საქართველოში არ ცხოვრობთ.

– ხუთი წლის წინ დავტოვე საქართველო და მეუღლესთან, ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად. საბა, ჩვენი პირველი შვილი, ერთი წლის იყო, როცა მისი ბებოსთან და ბაბუსთან დატოვება მოგვიწია. 5 წელი ზაზამ და თამუნამ საკუთარი შვილივით ზარდეს. ზაზა საბასთვის თავგადადებული ბაბუა იყო, როგორი დაღლილიც არ უნდა მოსულიყო, მასთან სათამაშო ენერგიას მაინც გამოძებნიდა. ბავშვობიდან უნერგავდა ფრენის სიყვარულს, რა იცით, იქნებ ჩემს გზას დაადგესო. გულის სიღრმეში, ალბათ, ყველაზე მეტად ეს უნდოდა. ნიკოლი, მეორე შვილი ამერიკაში შეგვეძინა. მასთან შეხვედრას სულმოუთქნელი ელოდა, ამ ზაფხულს პირადად გაიცნეს ერთმანეთი და მიხარია, რომ ბაბუს სითბო მასაც ერგო წილად. ხუთი წლის უნახავი შვილი, თავისი გამოზრდილი საბა, ნანატრი ნიკოლი გულში ჩაიკრა და შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ერთ-ერთ უბედნიერეს მომენტში წავიდა ამ ქვეყნიდან.

– თქვენი აქტოვობებიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი მიმდევარი გყავთ. როგორია თქვენი საქმიანობა სოციალურ სივრცეში თუ მის მიღმა?

– ვსწავლობ სამედიცინო ფაკულტეტზე. საქართველოში ფსიქოლოგიას ვსწავლობდი. ცოდნისა და ფსიქოლოგიისადმი სიყვარულის კომპენსირება სოციალურ ქსელში მოვახდინე, სადაც საკუთარ ბლოგს ვმართავ ბავშვის აღზრდა-განვითარებასთან დაკავშირებით. ძალიან ძვირფასი სივრცეა ჩემთვის და ერთგვარად მეხმარება საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებაში.

ვრცლად გუდაურის ტრაგედიის შესახებ წაიკითხავთ აქ:

ტრაგედიის მსხვერპლი გმირები: ცნობილია გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი პირების ვინაობა

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მფრინავი ზაზა ლორია დაიღუპა

მფრინავები პროფესიონალები იყვნენ, ყოველი აფრენის დროს მოწმდება ვერტმფრენები – შსს განცხადებას ავრცელებს

მფრინავი გუდაურში ჩამოვარდნილ “მი 8” ტიპის ვერტმფრენზე: “ზოგი ამბობს, გაუმართავი იყო, თითქოს 50 წელია დაფრინავს, მოძველებულია და რესურსი არ ჰქონდა, ზედმეტია საუბარი, რომ ტექნიკა არის გაუმართავი”

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამებაში გაიმართება

ვიდეო: „ჭამის პერიოდი ჰქონდათ და მთხოვა შემინახე საჭმელი, რომ დავბრუნდები შევჭამო“ – ტრაგიკულად დაღუპული კახა ტორჩინავას შესახებ მისი თანამშრომელი საუბრობს

“ქარის ფაქტორი იყო, კლდესთან ახლოს იყვნენ. ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა გაჩერებას” – როგორ ხსნის გუდაურის ტრაგედიას პილოტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები