ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმას სამი პარტია – “დროა”, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “სტრატეგია აღმაშენებელი” ეხმაურება.
ოპოზიციური პარტიები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მონაზვნის მიმართ ძალადობა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი მძიმე გარემოს შედეგია. სამი პარტია აღნიშნავს, რომ ძალადობრივი ფონის შესაცვლელად, ვითარების გაჯანსაღებისათვის აუცილებელია ფუნდამენტური და კომპლექსური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე განხორციელებული შემზარავი ძალადობა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი უმძიმესი გარემოს შედეგია. ამ და უკანასკნელ დღეებში მომხდარ სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრორუსულ „ქართულ ოცნებას“, რომლებმაც დაუცველობა, შიში, სისასტიკე ცხოვრების წესად და ნორმად აქციეს. დაუცველია ყველა – ბავშვები, ქალები, ჟურნალისტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები. ძალადობრივი სისტემა საფრთხეს უქმნის თითოეულ ჩვენგანს.
ძალადობა და ტყუილი „ქართული ოცნების“ მმართველობის მთავარი ნიშნებია. საზოგადოების დაყოფა, მუდმივი დაპირისპირება, შიშის დანერგვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში ძალადობრივ ატმოსფეროს ქმნის. თუკი „ქართული ოცნების“ მმართველობის საწყის ეტაპზე სახელმწიფო ტერორი პოლიტიკურ ოპონენტებსა და მოწყვლად ჯგუფებს ეხებოდა, დღეს ძალადობრივმა გარემომ საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტში შეაღწია. მოძალადე სახელმწიფოს ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების სამიზნე, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ერთად, არიან ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, ყველა, ვინც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, ვინც საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნების“ ერთპიროვნულ მმართველობას.
ძალადობრივ გარემოს ამძიმებს სახელმწიფოს შეთანხმება კრიმინალურ სამყაროსთან, რომლის თანახმადაც ძალაუფლების შენარჩუნებაში დახმარების სანაცვლოდ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ძალადობრივ ზემოქმედებაში გამოიხატება, კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულ პირებს უკანონო შეღავათები უწესდებათ.
სახელმწიფო ქმნის და ხელს უწყობს პრორუსულ, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომელთა ამოცანა ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებზე ძალადობაა. აღნიშნულის შედეგია 2013 წლის 17 მაისს რამდენიმე უდანაშაულო ახალგაზრდის წინააღმდეგ განხორციელებული მძიმე ძალადობა, ასევე, 2021 წლის 5 ივლისს, პროკრემლისტური ჯგუფების მიერ, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულების სერია, რომელიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით დასრულდა.
სახელმწიფო უკანონოდ მფარველობს მისსავე შექმნილ ძალადობრივ ჯგუფებს, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა. ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, ასევე, ეფექტიანად გაასამართლოს მათზე მოძალადეები და ძალადობის დამკვეთები.
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა, მათ შორის უკანასკნელ დღეებში მასმედიით გავრცელებული ძალადობის ტრაგიკული ფაქტები, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ატმოსფეროს შედეგია.
სამწუხაროდ, შეუძლებელია აღნიშნულ ფაქტებზე იზოლირებული რეაგირებით არსებული პრობლემების გადაჭრა. ძალადობრივი ფონის შესაცვლელად, ვითარების გაჯანსაღებისათვის აუცილებელია ფუნდამენტური და კომპლექსური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები”, – წერია განცხადებაში.
ამავე თემაზე: