LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე 7 პირი დააკავეს

449
მირიან კუკავა

ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ შვიდი პირი ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით.“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის პოლიციის, რაიონულ განყოფილებაში, გუშინ გვიან ღამემდე 30-ზე მეტი მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობდა – მათი უმრავლესობა არასრულწლოვანია.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის – ნინო ვაშაკიძის შვილია.

პოპულარულები