“დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატოს სრული წევრობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ამერიკული გამოცემის The Washington Times სტატიაში აღნიშნა. სტატიაში, რომლის სათაურია “საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის”, გახარიამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლთა მხარდაჭერაზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დღემდე ეწინააღმდეგება.
“დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატოში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და ნატოს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატოს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს. რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატოს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება“, – განაცხადა გახარიამ.

