LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალი ჩიტალაძე: „ეჭვიანობა მეუღლისგან ზოგჯერ სასიამოვნოა… როცა აჭარბებს, მერე ვიღებ ხმას. 22 წელია, მეუღლეები ვართ და დღემდე ვერ ვაქრობთ ემოციებს…“

506
დალი-ჩიტალაძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მოდის ექსპერტი, დალი ჩიტალაძე, რომელმაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა და წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.

დავიწყოთ ბავშვობიდან…

ჩემს მშობლებს უნდოდათ, სამედიცინოზე ჩამებარებინა. ისინი ექიმები არიან და თან, სამედიცინოს უნივერსიტეტის მოპირდაპირედ ვცხოვრობდი. ყველა სამედიცინო ხელსაწყო მქონდა სახლში. ჩართული მაქვს ახლაც ექიმის კოდი, მიყვარს ხოლმე, როდესაც ჩემს მეგობრებზე ვზრუნავ, თუმცა მაშინ, მუსიკის სიყვარულმა სძლია ყოველივეს. დედა და მამაც საოცრად მღეროდნენ, სცენაზე დგომა მიყვარდა. შემდეგ კი ჩავაბარე კონსერვატორიაში, გადამიღეს 5 ფილმში. ძალიან გვიან გავათვიცნობიერე, რომ ვარ განსაკუთრებული, ინდივიდუალიზმი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა, ვინმეს ვგავდე, მინდა ვიყო მე. დედა ხშირად არ მიშვებდა ხოლმე იქ, სადაც მსურდა, რომ წავსულიყავი და შემდეგ გამომიტყდა, იმიტომ არ გიშვებდი, რომ ძალიან ლამაზი იყავი და მეშინოდაო. იმ პერიოდში ხშირი იყო მოტაცებები.

როგორც ვიცი, ნაადრევ ასაკში გათხოვდით…

დიახ, რისიც დედაჩემს ეშინოდა, ის გავაკეთე, პირდაპირ ვუთხარი, თქვენ მე ბედს ნუ დამიკარგავთ, უნდა გავთხოვდე-მეთქი. დედაჩემი და მამაჩემი შოკში იყვნენ, თუმცა ვერ გამიწიეს წინააღმდეგობა, რადგან იცოდნენ, როგორი ხასიათიც მქონდა. რასაც მინდოდა, იმას ვიცვამდი ხოლმე. ჩემს თავს შემოქმედად მივიჩნევ. მაშინ კერვა ძალიან განვითარებული იყო, ყველა ქალს ჰყავდა თავისი მკერავი. თუმცა, საბჭოთა კავშირში მოდა არ იყო ინტერესის ობიექტი. სამაგიეროდ, საქართველო იყო გამორჩეული ამ კუთხით მუდამ, დღემდე ვთვლი, რომ საქართველოს ქუჩის სტილი იყო განსხვავებული. სლავა ზაიცევი ამბობდა ხოლმე, მე ინსპირაციას ქართველი ქალბატონებისგან ვიღებო.

არასდროს ვმალავ ჩემს ასაკს, შვილი მყავს 44 წლის და როგორ დავმალო. ვამაყობ, რომ ასაკის მიუხედავად, ვარ მოთხოვნადი და საინტერესო, რომ აინტერესებთ ჩემი აზრი, ჩემი რჩევა. მინდა, რომ ასე გაგრძელდეს, იმიტომ, რომ სანამ ჯანმრთელი და პროდუქტიული ხარ, მუდამ საჭირო ხარ. დღემდე მაინტერესებს ჩემზე გამოცდილი ადამიანის აზრი, რომ მისგან რაიმე ახალი ვისწავლო. მჯერა ნუმეროლოგიის და ვთვლი, ჩემი მისია ისაა, გამოცდილება სხვას გავუზიარო.

ხომ არ ნანობთ ადრე დაოჯახებას?

ცხადია, ქორწინების მალე დასრულება არ არის კარგი, თუმცა მაინც არ ვნანობ. ჩემი ყოფილი მეუღლეც და ახლანდელიც ეჭვიანები იყვნენ და არიან. ზოგჯერ სასიამოვნოა ხოლმე. როცა აჭარბებს, მერე ვიღებ ხოლმე ხმას. 22 წელია, მეუღლეები ვართ და დღემდე ვერ ვაქრობთ ემოციებს.

ვიცი რომ, თქვენ ძალიან რთული პერიოდი გამოიარეთ, როცა თქვენი შვილი დაჭრეს…

როცა პოპულარული ხარ, მუდამ გყავს მტერი. გახსენებაც კი არ მინდა, სახლში მოვიდა დასისხლიანებული, სისხლისგან იცლებოდა. მას სადარბაზოში შემოჰყვნენ და ზურგში დანა ჩაარტყეს.

სტილზე გვესაუბრეთ…

შენ შეგიძლია საინტერესო მუდამ გახდე, მოირგო სხვადასხვა სტილი. თავისუფალი, ელეგანტური, სპორტული, დემნასეული. 21-ე საუკუნეში მოდა არის ძალიან ლიბერალური. არ გვაქვს რაიმე გარკვეული მიმართულება, ამიტომაც გაჩნდნენ პერსონალური სტილისტები. მომწონს ეპატაჟურობა, თუმცა, ისიც გემოვნებიანი და საინტერესო უნდა იყოს. მოიხდინო რაიმე, ეს კიდევ სხვა ნიჭია, აი, ამისთვის ვარ მე.

2025 წელი არის თითქოს გარდამტეხი პერიოდი, მშვიდდება ყველაფერი. მანამდე მკვეთრი, აგრესიული ფერები იყო მოდაში, ახლა უკვე სხვა ტენდენციები წამოვიდა, ნატურალური ფერები: ნატურალური ყვითელი, ბალახისფერი, ბეჟი, რძისფერი, – ბუნებრივი ფერების გრადაციებია მოდაში. ბორდოსა და მწვანეს შეხამება, რუხი და ბორდო, ყვითელი და რუხი. რაც შეეხება ფორმებს: „ოვერსაიზი“, ლაბადები, დიდი ზომის პიჯაკები არსად წასულა, თუმცა, ამასთან ერთად, მოდაშია სხეულზე მომდგარი, სილუეტის გამომკვეთი სამოსი.

@www.fortuna.ge

➡️ მოდის ექსპერტი – დალი ჩიტალაძე სტუმრად “ფორტუნა პლუსის” გადაცემა “ვიზიტორში”

♬ original sound – fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები