რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მარი მამისმედიშვილი სტუმრობდა. მომღერალმა ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერა „თოვს, ისევ თოვს“ წარუდგინა, რომელიც დათო ევგენიძეს ეკუთვნის.
მარი, მოგვიყევი შენს ახალ სიმღერაზე „თოვს, ისევ თოვს“
მე მოგიტანეთ დათო ევგენიძის ძალიან კარგი სიმღერა. ტექსტის და მუსიკის ავტორი დათო გახლავთ. სიმღერა არ არის პერსონალურად ჩემთვის დაწერილი, თუმცა მე პირველად შევასრულე და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ვერსია გამოვიდა. არანჟირება ლელო ხოტივარმა, უნიჭიერესმა და უკარგესმა ბიჭმა გააკეთა. ნამუშევარმა საახალწლო განწყობა შექმნა, ის ფუნქცია, რაც ამ სიმღერას ჰქონდა, ძალიან კარგად გამოგვივიდა. ვთვლი, რომ ძალიან განწყობით ვიმღერე და შევასრულე.
სიმღერა „თოვს, ისევ თოვს“
როგორ მიმდინარეობდა შენი და დათოს დუეტის კლიპის გადაღებები?
ესეც ძალიან ლამაზი და სასიხარულო ისტორიაა ჩემთვის. ერთ-ერთ საღამოს შემომთავაზა, დუეტი ხომ არ ჩაგვეწერაო და სიმღერა მომასმენინა, გამომიგზავნა ჩემს პირად გვერდზე, მე ხმა დავადე და გავუგზავნე, დათო, ნახე, როგორ უხდება ჩვენი ხმები ერთმანეთს-მეთქი და გაგიჟდა, მირეკავს, მორჩა, სტუდიაში მივდივართ და ვწერთო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო ამ სიმღერაზე საუბარი. ჩავწერეთ სტუდიურად, დავადეთ ხმები, დავაბალანსეთ… შემდგომ, გადავიღეთ კლიპი, რომლის პრეზენტაციაც ძალიან მალე იქნება. ველოდები, როგორი გამოვა და როგორ მიიღებს ხალხი ამ ყველაფერს. დათო ევგენიძე რომ დიდი მუსიკოსია და ჩვენ ყველას რომ ძალიან გვიყვარს, ეს სხვა არის, მაგრამ მე როგორ მიმიღებს მაყურებელი მასთან კოლაბორაციაში, ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. ძალიან ლამაზი სიმღერა და კლიპია.

ვისაუბროთ შენი და რომა რცხილაძის დუეტზე.
ჩემი მეუღლე და რომა შეხვდნენ ერთმანეთს, რომამ მოისმინა ჩემი მონაცემები და გადავწყვიტეთ, რომ ძალიან კარგი სიმღერა, „მისი იდუმალება“, რომელზეც მანამდეც ვგიჟდებოდი, ჩაგვეწერა. სიმღერა ერთ-ერთ გადაცემაში მოვისმინე და ვკითხეთ, ხომ არ გვეცადა და ჩაწერა, დიდი სიხარულით დაგვთანხმდა. ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო და საამაყო იყო, რადგან რომა ჩემთვის ბავშვობიდან სხვა მნიშვნელობის კომპოზიტორი და სხვა მნიშვნელობის პიროვნება და ადამიანია, რადგან 8 წლიდან, სხვადასხვა კონკურსებზე ხშირად შევუფასებივარ და ჩემთვის გრანპრიც აქვს რამდენიმეჯერ მოცემული. მახსოვს, 8-9 წლის ვიყავი, კულისებში ვიდექი და ეთერ კაკულიამ თქვა – „ეს ნამდვილი ვარსკვლავია…“ და მაშინ, რომამ მითხრა, შენ დიდი მომავალი გაქვსო. საერთოდ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ როდესაც გავიზრდებოდი და კარიერის სერიოზულ გზას დავადგებოდი, ჩვენ დუეტს ჩავწერდით. ძალიან ემოციური და მისტიკური სიმღერაა. რაღაც ახალია ჩემთვის, იმდენად სენსიტიური, ლირიკული და ინტიმურია ეს სიმღერა. ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი ამ ყველაფერს და დიდი გამოცდილება მივიღე.
რომა სხვადასხვა ეთერებში ამბობდა, ძალიან დიდი მადლობა მარის, რომ სხვა, ახალი გამოცდილება მომცა და ბევრი რამ მასწავლაო და ცოტა მეცინებოდა, რა შეიძლება ვასწავლო რომა რცხილაძეს მე, 26 წლის ახალგაზრდა მომღერალმა, მუსიკოსმა, უკვე ძალიან დიდ გზა გავლილ, შემდგარ მუსიკოსს, საამაყოს… ვფიქრობ, რომ ამით სტიმული მომცა და მაგრძნობინა, რომ მნიშვნელოვანი ვიყავი.

დავაანონსეთ კლიპი დათო ევგენიძესთან, ვიცი, რომ რუსა მორჩილაძესთან ერთად მუშაობ სიმღერაზე, ასევე ქეთი გაბისიანთან ერთად იწყებ მუშაობას, ამას პლუს კონცერტები და მაინტერესებს, როგორ ახერხებ ერთდროულად ამ ყველაფერს?
როცა ისეთი „Superhero“ ადამიანი გყავს გვერდით, როგორიც ბექაა, ჩემი მეუღლე, პროდიუსერი, არაფერი არის შეუძლებელი. წინასწარ ვგეგმავთ ყველაფერს. რამდენიმე სიმღერის იდეა ერთი წლის წინ დაიგეგმა, შემდგომ ეტაპობრივად იგეგმებოდა, იწერებოდა და იქმნებოდა. დრო სჭირდება ყველაფერს, გაწელილ დროში ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ერთიანად გამოდის მზა პროდუქტი მაყურებლამდე. შესაბამისად, ბევრი რესურსია ჩადებული, როგორც მატერიალური, ისე მორალური. არის დროის ფაქტორიც, რადგან მე შვილიც მყავს და მაინც მიწევს დროის გადანაწილება და დაბალანსება. გვიწევს ბევრი შრომა, ბევრი დროის გამოყოფა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ შედეგად ღირს.
ახლა, რუსა მორჩილაძის ძალიან მაგარ სიმღერაზე ვიწყებთ კლიპის გადაღებას, უნდა ჩავწეროთ სიმღერა. ძალიან მიხარია, რადგან რუსა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი სიმღერისთვის, ეტყობა, რომ გულით არის დაწერილი. დარწმუნებული ვარ, რომ გაჰიტდება, როგორც რუსას ყველა სიმღერა. რუსას სიმღერაზე ბორიკო შხიანმა იმუშავა. საოცრება გამოვიდა.
ვიწყებ მუშაობას ქეთი გაბისიანის სიმღერაზეც, რომლის ტექსტიც მე მეკუთვნის. გადავუგზავნე ქეთის ჩემი ტექსტი და ისე მოეწონა, ტექსტი მღერის უკვეო, ასე მითხრა და დაწერა სიმღერა. რომ მომასმენინა, გავგიჟდი, გადავირიე და დაიგეგმა ამ სიმღერის ჩაწერა. ლევან დეისაძე და უნიჭიერესი მუსიკოსები იმუშავებენ სიმღერაზე. სიმღერა ცოცხალი ინსტრუმენტებით ჩაიწერება. მერიდება ხოლმე, ვფიქრობდი, იქნებ, არ ვთქვა, რომ ტექსტის ავტორი ვარ-მეთქი… თუმცაღა, ულამაზესი ტექსტია, ძალიან ლამაზ, იმედისმომცემ სიყვარულზე.