LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მრელაშვილი: „ერთი ახლობლის ახალგაზრდა ვაჟი გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში  BMW-ს მარკის ავტომობილში. ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ BMW ან ცუდი მანქანაა, ან „ოპელზე“ ნაკლებად იცავს მგზავრებს ავარიის დროს?“

110
davitmrelashvili20111-2020-12-01-10-43-03-234683

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ტელენევროლოგი, დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაბალ ტემპს ეხმიანება და მისი მიზეზების შესახებ ვრცლად წერს.

„საოცარი ხალხი ვართ ეს ქართველები.

– ვაქცინამ ორი კვირით დააგვიანა შეპირებულზე და ლანძღვით ავიკელით მთავრობა – ჩვენი დახოცვა უნდათ, ან უნიათოები არიან – რატომ არ შემოაქვთო.

– შემოიტანეს ხარისხიანი ვაქცინა („ასტრაზენეკა“) – არ ვიცრებით – ცუდი ვაქცინააო, ჩვენი დახოცვა უნდათო ისევ ამ ერთადერთი, მართლაც რომ სამწუხარო პრეცედენტის გამო (და უგულებელვყოფთ ათასობით გარდაცვლილს თავად ვირუსისგან). ნაწილმა იმის გამო, რომ ერთ ხელზე ჩამოსათვლელმა ქვეყნებმა მეცნიერულად დაუსაბუთებელი გართულებების ეჭვის გამო დროებით, ან ნაწილობრივ შეაჩერეს ეს ვაქცინა და ასევე უგულებელვყოფთ მსოფლიოს ათეულობით წამყვან ქვეყნებს, სადაც ჩვეულებრივ გრძელდება ვაქცინაცია ათეულ მილიონობით მოსახლეზე.

– შემოიტანეს „ფაიზერი“ – რომელსაც ჯერჯერობით წუნი ვერ დასდეს – მაინც არ ვიცრებით (და მიზეზს ველოდები სოციალურ მედიაში და ჯერ ვერ ვიპოვე). ამ „ფაიზერით“ აიცრა ზუსტად უკვე ისრაელის დიდი უმეტესობა, და ქვეყანა გაიხსნა, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ პრაქტიკულად.

ამ ყოველივეს რამდენიმე აშკარა მიზეზი აქვს:

1. გენეტიკურად და კულტურულად (ადათ-წესებით) სიახლისადმი ფრთხილი ხალხი ვართ. რატომ? იმიტომ რომ ისტორიულად ასე იყო – როგორც წესი, გარედან შემოსული რაიმე უცხო და სიახლე – დამპყრობელი და შარი იყო ჩვენთვის. ვინც არ ფრთხილობდა – გადაშენდა. სიახლისადმი ფრთხილმა ხალხმა დატოვა ფრთხილი შთამომავლობა (ჩვენ). ამერიკელები იმ “ნარჩევი” ევროპელების შთამომავლები არიან, ვინც შუა საუკუნეებში ჩაჯდა გემებში და სიახლეების საძიებლად ამერიკის კონტინენტზე გადასახლდნენ. ერთი ტიტანიკის ჩაძირვას ამერიკაში მიგრაცია არ შეუჩერებია. განსხვავებაც სახეზეა ვაქცინაციის პროცესში.

2. უნდობლობა მთავრობის მიმართ ასევე მოსახლეობის მნიშვნელოვან პროცენტში. ეს არც პოლიტიკური განცხადებაა, არც ექსკლუზიურად მიმდინარე მმართველ პარტიას ეხება. ეს არის ქვეყანაში ათწლეულობის განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რასაც ბევრი მიზეზი აქვს (ზოგი მართალი, ზოგი უსაფუძვლო). საქმე იმაშია, რომ არ შეიძლება ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, წინა ან მიმდინარე მთავრობის დასაწუნი საქმიანობა დავაკავშიროთ ვაქცინაციასთან. აქ მთავრობა პრინციპულად განსხვავებულს არ აკეთებს, ვიდრე ამერიკის, ან ევროპის ან ისრაელის მთავრობა – ყიდულობს ვაქცინას და სთავაზობს მოსახლეობას. ამიტომ ვეცადოთ, ფსიქოლოგიურად გავმიჯნოთ ჩვენი დამოკიდებულება, თუ იმიჯი მთავრობის ნებისმიერი სხვა საქციელისგან (მაგალითად მეწყერზე როგორ ჯებირს აშენებენ) და ვაქცინაციისგან.

3. არ ვიცი, რანაირად ვთქვა შელამაზებულად, რომ ის კონტინგენტი, ვისთვისაც ვწერ ამ პოსტს, უფრო არ დაიბოღმოს, მაგრამ რისკების შეფასების საკმარისი აღქმა არ არის საზოგადოების მასაში, და არც მათ ენდობიან, ვისაც ეს უნარი აქვს (ან აღარ იციან, ვის ენდონ). რამდენიმეჯერ ყური მოვკარი – ამ ნევროლოგმა ნეტა რა იცის ვაქცინებისო. საქმე იმაშია რომ ექიმობაც კი არ ჭირდება ამ საქმეს. ამას სჭირდება ერთადერთი რამ: სანდო წყაროდან სტატისტიკის მიღება (რაზეც პრინციპში თითქმის ყველას აქვს წვდომა, თუმცა ავანტიურისტული და დაუსაბუთებელი “სენსაციები” უფრო გვიზიდავს) და ჯანსაღი გაანალიზება (პარანოიდული წარმოდგენების გარეშე, როგორიცაა დაჩიპვა) – ანუ რამდენს დაემართა კოვიდი და რამდენი იმსხვერპლა და დააინვალიდა სამუდამოდ, და მეორე მხრივ, რამდენი მილიონი აიცრა უკვე მსოფლიოში, და იქიდან რამდენს ამოუვიდა რქები, ან 5G ანტენა შუბლზე. ეს, ძალიანაც რომ უნდოდეს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას დამალოს – შეუძლებელია, თითქმის ყველას აქვს სოციალურ მედიასთან წვდომა და უცებ გავრცელდებოდა ყველა სავალალო შედეგი (როგორც ჩვენს ქვეყანაში ეს ერთადერთი შემთხვევა).

უკვე მრცხვენია, ვინმეს ვაქცინა ვთხოვო საქართველოსთვის. აქამდე ვეუბნებოდი, არ გვაქვს ვაქცინა, ვიხოცებით, გვიშველეთ-მეთქი. ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, ქვეყანაში რამდენი ვაქცინა შემოვიდა, და იქიდან მოსახლეობამ 10%-იც კი ვერ აითვისა ჯერ, და რომ ნახონ სტატისტიკა – ვაქცინასაც დავკარგავ და ნდობასაც მომავლისთვის.

ჩემი მშობლები ხვალ იცრებიან, და პრინციპულად „ასტრაზენეკით“. რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობ, ის მათთვის საუკეთესო არჩევანია და არაა პრაქტიკული განსხვავება, ამ ეტაპზე ცნობილი ინფორმაციით ამ ორ ვაქცინას შორის. “აბა, ის ექთანი რომ გარდაიცვალა?”. ამაზე ძალიან მარტივი პასუხია ანალოგიის პრინციპით: საქართველოში რომ ვიყავი, ერთი ახლობლის ახალგაზრდა ვაჟი გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში  BMW-ს მარკის ავტომობილში. ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ BMW ან ცუდი მანქანაა, ან „ოპელზე“ ნაკლებად იცავს მგზავრებს ავარიის დროს? ვეცადოთ, შევხედოთ საერთო სურათს და მიზეზს, და არა ერთეული ფაქტი განვაზოგადოთ.

და ბოლოს, 529-ლიტრიანი მაცივარი კი არა, ქამარზე ჩამოსაკიდი თერმოსი რომ მეჩუქებინა კახეთისთვის – ისიც ეყოფოდა ვაქცინის შესანახად, როგორც ჩანს, ისე ცოტა იცრება. ვფიქრობ, შემდეგი რა შეიძლება გავაკეთო და ჯერჯერობით აზრი არ მომდის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g