LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეიდანვე უარს ვამბობ და აღარ მივიჩნევ მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად თავს” – რას წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე

1816
aleqsandre-lortqifanidze_w_h

დღეიდანვე უარს ვამბობ და აღარ მივიჩნევ მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად თავს, – აღნიშნულის შესახებ მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიმძიმს ამჟამად საერთოდ რაიმეზე წერა, შოვის ტრაგედიის შემდეგ, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ.

ტელეფონში მსხვერპლი ბავშვების ფოტო გადმოვწერე და გაღვიძება-დაძინებისას ვუყურებ, მგონია, რომ ჩემი ვალია მახსოვდეს, ვგრძნობდე, განვიცადო და ეს გლოვა დიდხანს არსად წავა.. ვისაც OCD-ის ნიშნები გამოუცდია, იცის რასაც ვგულისხმობ.

ფეისბუქზეც, დიდი ხანია, ისედაც აღარ შემოვდივარ.

მაგრამ მთელ ამ მიზეზთა მიუხედავად, შეუძლებელია ორი სიტყვა არ დავწერო მწერალთა სახლის ამბებზე.
ზოგიერთმა ჩემმა მეგობარმაც კი არ იცის, რომ ორი წელია მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ.

ამ ორი წლის განმავლობაში დანარჩენ წევრებთან, ჩემზე კიდევ მეტად კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად არაერთი ისეთი პროექტის მომზადებაში მივიღე მონაწილეობა, რაც ქართულ ლიტერატურას უდავოდ წაადგება. ქართული წიგნების უცხოური თარგმანები, უცხოური წიგნების ქართული თარგმანები, საერთაშორისო ფესტივალები, წიგნის ბაზრობები, თბილისის ლიტერატურული ფესტივალი და ა.შ. ჩემი წვლილი საერთოდ რა მოსატანია, მწერალთა სახლის გუნდი აკეთებდა ამ ყველაფერს, გუნდი, რომელიც იმდენად კომპეტენტურია ამ საკითხში, რომ აბსოლუტურად, ბრმად ვენდობი.

როდესაც თანამედროვე ქართული ლიტერატურის მდგომარეობაზე მეკითხებიან, ყოველთვის დიდი იმედით აღვსილი ვპასუხობ ხოლმე, რომ ძალიან კარგი ძვრებია, მსოფლიო ნელ-ნელა ინტერესდება ქართველი ავტორებით, ჩნდება მეტი კონტაქტები და ა.შ. და მთელი აი ეს განწყობა ამ ადამიანების დამსახურებაა. საქმეს აკეთებდნენ წყნარად, ზედმეტი ხმაურის გარეშე, სიყვარულით და ენთუზიაზმით, სამეთვალყურეო საბჭოც ანალოგიურად, მათ კვალზე.

თანამედროვე ქართული ლიტერატურის ბოლოდროინდელი გამოცოცხლება დიდწილად არის ნატა ლომოურის გუნდის დამსახურება, მათი ზრუნვის შედეგი, რათა საქართველო მსოფლიო ლიტერატურული ოჯახის მნიშვნელოვან წევრად ქცეულიყო. ამ გუნდს ჰქონდა მწერლების აბსოლუტური ლეგიტიმაცია. ვინმე იკითხავს, რომელი მწერლებისო.

გეტყვით, მე არ მეგულება საქართველოში მწერალი თუ ლიტერატორი, რომლისთვისაც მწერალთა სახლის კარი დაკეტილი იყო, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების, ნებისმიერი ლიტერატურული გემოვნების ადამიანს ეთმობოდა ადგილი, მწერალთა კავშირსაც თავისი დრო და სივრცე ჰქონდა და უკავშიროებსაც, ახალგაზრდებსაც და ხანდაზმულებსაც, აქ სახლი ედო აბსოლუტურად ყველას, ვისაც წიგნის სიყვარული აერთიანებს.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ნატა, ლელა, მაიკო, თეკლა, სოფო, ნინო, ყველას, ვიღაც აუცილებლად გამომრჩება და ბოდიშს ვიხდი. ოდესმე თუ ნობელი საქართველოში წამოვა, ამაში თქვენი შრომაც იქნება ჩადებული, დარწმუნებული ვარ.

პირადად ჩემი, როგორც მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს იწურება, თუმცა ჩემთვის ეს პირობითია, რადგან დღეიდანვე უარს ვამბობ და აღარ მივიჩნევ აღნიშნული საბჭოს წევრად თავს.

აქ ნატაზე და ქეთიზე არაა, არც ნატას ვიცნობდი ახლოს, როცა საბჭოში მიმიწვია და არც ქეთი დუმბაძეს ვიცნობ ნორმალურად, პოლიტიკური პრეფერენციებიც ადამიანების შეფასებისას ჩემთვის მეათეხარისხოვანია, შეიძლება ვიღაც გამიწყრეს კიდეც, აბა ქოცი, აბა ნაცი.. არ მაინტერესებს, ადამიანებს ამით არ ვაფასებ.

შესაძლოა ჩემი ნაკლია. იყოს. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია თუ ვინ იქნება მწერალთა სახლის დირექტორი, ოღონდ მთავარია ორი რამ: 1. ადამიანების დაფასება. როდესაც გუნდს ფასდაუდებელი წვლილი აქვს თანამედროვე ლიტერატურული პროცესების დაძვრაში, მართლაც მწერლების სახლის, ულამაზესი და თავისუფალი სივრცის შექმნაში, ასეთი ადამიანები რაღაც ენამწარე პასკვილების ადრესატები არ უნდა ხდებოდნენ, პირიქით ასეთ ადამიანებს ხელს უნდა უწყობდნენ, ხოლო მათი სამუშაო ვადის დასრულება მადლობითა და პატივისცემით უნდა აღინიშნებოდეს. 2. მწერლების ლეგიტიმაცია. ნებისმიერი თანამდებობა და სტატუსი პირობითია, თუ სფეროში მომუშავე ადამიანთა ლეგიტიმაცია არ ახლავს თან. მხედართმთავარი, რომელსაც ჯარი არ აღიარებს, ანდა საფეხბურთო მწვრთნელი, რომელსაც გუნდი არ უჯერებს, მხოლოდ სახელებია და დაცლილია შინაარსისგან.

უშინაარსო სტატუსები მომავალს არ ქმნიან.
ქართულ ლიტერატურას კი აუცილებლად ექნება დიდი და ბრწყინვალე მომავალი”, – წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g