“დღეს ჩემს ოჯახს აქვს რთული დღე, ვინაიდან გარდაცვლილი არის ჩემი ოჯახის ერთერთი წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ ზეწოლას ჩემს ოჯახზე”, – მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა საუბრის დასასრულს, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ პირად განცხადებას აკეთებს.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი რთული ვითარება და ყველაზე რთულ სიტუაციაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, მის ოჯახზე გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება წნეხი და ძალადობა:
“ვფიქრობ, რომ ნამდვილად არასწორია. მე ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა შესაბამისად უნდა იქნეს პასუხგაცემული, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემი ოჯახის წევრებს და შვილებს, ვფიქრობ, რომ ეს არის დასაგმობი და არის დაუშვებელი”, – თქვა მინისტრმა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ფაქტი დასაგმობია საზოგადოებისგან და დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ამას შესაბამის პასუხს გასცემს.
