„დღეს, ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში“, – ამის შესახებ განცხადებას ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განმარტებით, 150 ათასზე მეტმა ადამიანმა არჩევანი უკვე გააკეთა, თუმცა მეტი აქტიურობაა საჭირო იმისთვის, რათა არჩევნები დასრულდეს იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი ქვეყნის, დედაქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას.
კახა კალაძის განმარტებით, მათ მიერ 4 წლის მანძილზე გაკეთებული და შემდეგი 4 წლის მანძილზე გასაკეთებელი საქმეები გახდება თბილისში ქართული ოცნების გამარჯვების ძალიან მყარი საფუძველი.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული თბილისელისთვის.
დღეს თბილისელები მიიღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ქალაქში სურთ ცხოვრება.
ორი თვის მანძილზე, ჩვენ თბილისელებს ვაცნობდით ჩვენს ხედვას და გეგმებს იმის შესახებ, თუ რა გაკეთდება თბილისში მომდევნო 4 წლის განმავლობაში, როგორ გალამაზდება ჩვენი ქალაქი, როგორ შევიტანთ მეტ სიცოცხლეს თბილისის ყველა უბანში და ზოგადად როგორ წარმოგვიდგენია დედაქალაქი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველა უბნის მიხედვით, ყველა ქუჩის მიხედვით თუ რა პროექტები იქნება განხორცილებული.
დარწმუნებული ვართ, ჩვენს მიერ 4 წლის მანძილზე გაკეთებული და შემდეგი 4 წლის მანძილზე გასაკეთებელი საქმეები გახდება თბილისში ჩვენი გუნდის გამარჯვების ძალიან მყარი საფუძველი.
ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნებს აქვს სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა. გვესმის, რომ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები ჩამოშლილი არიან. თუმცა, ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება. დღეს, ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში.
150 ათასზე მეტმა თბილისელმა უკვე გააკეთა არჩევანი. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის.
ამასთან, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არჩევნები დასრულდეს იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.