“თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ფაქტობრივად, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ენერგეტიკაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, უსაფრთხოებისთვის.
როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, არ ხდება პროექტის საგნობრივი განხილვა, შესაბამისად, პროტესტი, რომელიც საზოგადოების ნაწილს აქვს, დაფუძნებულია არასწორ ინფორმაციასა და უხარისხო კვლევებზე.
„ჩემი ღრმა რწმენით, დღეს საქართველოს ენერგეტიკაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი – ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. სამწუხაროდ, არ არის საშუალება საგნობრივი განხილვის, უფრო არის კამათი, კინკლაობა… არგუმენტების მოყვანის ადგილი უნდა მოიძებნოს, სადაც ამ საკითხზე იქნება საფუძვლიანი მსჯელობა და შესაბამისი დასკვნის გაკეთების საშუალება“, – განმარტა ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას.