LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

3567
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც სავსემთვარეობას უკავშირდება. გეომაგნიტური ფონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის განმავლობაში ცის კაბადონზე ფიქსირდება მზისა და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება ლომისა და მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე. აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენა აძლიერებს აგრესიას, დეპრესიულ განწყობებს, კონფლიქტურობას, ტრავმულ და ავარიულ ტენდენციებს. იმატებს სიზარმაცე, ეგოიზმი, სხვადასხვა სახის ცდუნებები, შეცდომები და ურთიერთპრეტენზიები. შესაძლოა გაძლიერდეს დიქტატორული თვისებები და ამპარტავნობა, რის გამოც ნეგატიური გამოვლინებები უფრო აშკარად იჩენს თავს. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილე და თვითკონტროლი.

დღის რეკომენდაციები – აკონტროლეთ ემოციები, აზრები და სიტყვები. პატივი ეცით სხვა ადამიანების მოსაზრებებსა და სურვილებს.

პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ ზედმეტ სიამაყესა და პრინციპულობას.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში არ არის სასურველი ხორცეული პროდუქტი. მოერიდეთ აბანოსა და საუნას, სიმძიმეების აწევას და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულის ჯანმრთელობას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე არასასურველია ფულის გასესხებისთვისა და სესხის აღებისთვის. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულებების დადებას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ნიშნობასა და ქორწინებას. ხელმძღვანელების კრიტიკა არ არის მიზანშეწონილი. აზარტულ თამაშებსა და რისკიან მოქმედებებს მაქსიმალურად აუარეთ გვერდი.

დღის მინერალები და ფერები – ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკი და გიშერი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ბორდოსფერი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება სასწორისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები