დისნეიმ აბუ-დაბიში დაფუძნებულ კომპანიასთან „Miral“ შეთანხმებას მიაღწია, რის საფუძველზეც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში, იასის კუნძულზე დისნეის თემატური პარკი გაშენდება – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ CNBC ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება დისნეის მეშვიდე თემატური პარკი და პირველი – ახლო აღმოსავლეთში.
პროექტი მიზნად ისახავს დისნეის ისტორიებისა და პერსონაჟების შერწყმას აბუ-დაბის კულტურასთან და არქიტექტურასთან. დისნეის პარკში დამონტაჟდება თემატური ატრაქციონები, გაიხსნება რესტორნები და სავაჭრო სივრცეები.
პროექტის დასრულების ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მშენებლობა 4-6 წელს გასტანს.
დისნეის აღმასრულებელი დირექტორის ბობ აიგერის თქმით, ახალი პარკი ხელს შეუწყობს კომპანიის ცნობადობის ზრდას ახლო აღმოსავლეთში. Disney Experiences-ის ჯოშ დ’ამაროს თქმით კი, აბუ-დაბის პარკი კომპანიის პორტფოლიოში იქნება ყველაზე თანამედროვე და ინტერაქციული დანიშნულების, რადგან მისი მდებარეობა ზღვის სანაპიროზე დისნეის ისტორიების სრულიად ახალი გზით მოყოლის საშუალებას იძლევა.