აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდა, აშშ-ს და ისრაელს პირველებს რომ არ დაერტყათ.
„ირანი ძალიან ძლიერი ქვეყანაა. ისინი ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდნენ, თუ ჩვენ მათ არ დავარტყამდით“, – განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ირანის რაკეტებისა და სხვა იარაღის „უმეტესობა“ ამჟამად განადგურებულია.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანიც აპირებდა ისრაელის განადგურებას, მაგრამ აშშ-მა სწორ დროს შეაჩერა ეს.
„ძალიან ვამაყობთ, რომ ამაში ვართ ჩართული. ეს მალე დასრულდება და თუ კვლავ დაიწყება, კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მიადგებათ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, თეირანის გადაწყვეტილება, აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების საპასუხოდ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები დაეწყო, „ძალიან სულელური იყო“.
„ისინი ძირითადად ნეიტრალურები იყვნენ, ან სულ მცირე, არ აპირებდნენ ჩართვას“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ თეირანის მხრიდან დარტყმების შემდეგ „მეზობლები ჩვენს მხარეს გადმოვიდნენ, [ირანზე] თავდასხმა დაიწყეს და საკმაოდ წარმატებითაც“.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანზე თავდასხმით ის ასრულებს 2015 წელს მიცემულ დაპირებას, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლებას არ მისცემს.
