“წმინდა ნიკოლოზობის ქადაგების შემდეგ უხეშად და არაქრისტიანულად საჯაროდ დამესხა ქუთაისის მიტროპოლიდი და მას მხარი აუბა რუსეთუმე მღვდელმთავარმა” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული.
“ბატონი გამრეკელი დიდი ხანია შემჩნეულია, რომ რუსეთის ტერმინოლოგიით საუბრობს და ისე ქადაგებს, რომ მისი პრორუსობა რუსეთის პატრიარქ კირილს შეშურდებოდა” – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
მისი განცხადებით, ის ამაყობს, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათის აკადემია აღადგინა. როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, ქუთაისის მიტროპოლიტი “ქოცებთან ერთად ანადგურებს არამხოლოდ გელათს, არამედ სიმწრით აღდგენილ ბაგრატს, რომელშიც წყალი ჩადის”
სააკაშვილის მტკიცებით ამ პროცესის შესაჩერებლად არაფერი კეთდება.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ნებისმიერ სფეროში უკვე დროა “ენით მოჩლექით” საუბარი შეწყდეს, მათ შორის, “ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან”
მესამე პრეზიდენტის მტკიცებით საქართველოს ეკლესიის ძირითადი შემადგენლობა შედგება პატრიოტებისა და პატიოსანი სასულიერო პირებისაგან.
“მე დარწმუნებული ვარ, ისინი ხმას აიმაღლებენ, როგორც რუსული ცილისწამებისა და სადამსჯელო ოპერაციების წინააღმდეგ, ასევე გადამწყვეტ როლს შეასრულებენ პატრიარქისა და პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესში!” – წერს სააკაშვილი”