რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ , რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სტუმრობდა, რომლის ფილმმაც „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ „ტამპერეს კინოფესტივალზე“ მთავარი პრიზი, გრან-პრი მოიპოვა.
მარიამ, ვისაუბროთ „ტამპერეს კინოფესტივალზე“ და იმ მთავარ ჯილდოზე, რომელიც მოიპოვე.
„ტამპერე“ მსოფლიოში სამ საუკეთესო კინოფესტივალს შორის არის, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კუთხით. მას ასევე აქვს ოსკარის და კინოაკადემიის კვალიფიკაცია. რადგან „ტამპერეს“ კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოვიგე, დღეიდან პროდიუსერებს უკვე შეუძლიათ, რომ ფილმი ოფიციალურად ატვირთონ „ოსკარზე“. „ოსკარზე“ ჩვეულებრივად არ შეგიძლია მოკლემეტრაჟიანო კინოს გაგზავნა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია, თუ „ოსკარის“ კვალიფიკაციის ფესტივალზე მთავარ ჯილდოს მოიგებ.
ბოლო წუთამდე მინდოდა, რომ ტამპერეში წავსულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ვერ წავედი. დაჯილდოების წინა დღეს მომწერეს, რომ რაღაც პრიზს მაძლევდნენ, მაგრამ არ გამიმხილეს, რა პრიზი იყო და მთხოვეს, რომ ზუმში ჩავრთულიყავი, გამომიგზავნეს ლინკი და მეც ონლაინ რეჟიმში ორი საათის განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს დაჯილდოებას. ბოლოს, 2 პრიზი იყო დარჩენილი, ერთი – გრან-პრი და მეორე, სპეციალური ხსენება. ძალიან ვღელავდი. გრან-პრზე რომ გადავიდნენ, მივხვდი, რომ ჩემს ფილმზე იყო საუბარი… არ მჯეროდა… ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მოიგო ასეთი A კლასის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, მარტივი არ არის. ფესტივალის დირექტორმა პირადად მომილოცა სცენაზე და მითხრა, რომ შემდეგ წელს, უკვე ჟიურის ამპლუაში ვიქნები დაპატიჟებული.
მოგვიყევით გამარჯვებული ფილმის შესახებ.
ფილმი გასულ წელს გადავიღე. ის ქალის თემას ეხება საქართველოში. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემი ფილმებით მხარი დავუჭირო ქალებს. ისტორიას ასე საჯაროდ ვერ მოვყვები, მაგრამ იმედი მაქვს, მოგეწონებათ, როცა საქართველოში იქნება მისი ჩვენება. ვინც ნახა, ყველას მოსწონს.

მუშაობ „სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე“, როდის და სად გაიმართება ის?
წელს, „სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი“ 20-დან 27 ივლისამდე ჩატარდება, უშგულში. ყოველ საღამოს გვექნება კინოჩვენებები გარეთ, ღია ცის ქვეშ და იქნება ძალიან საინტერესო პროგრამა.
იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს.
ვინ იქნებიან ჟიურის წევრები?
წელს, გვინდა, მოვიწვიოთ ნადიმე ლაბაკი, მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უბრალოდ, ჯერ დასტური არ გვაქვს. ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს, რადგან ძალიან ცნობილი ქალია და ძალიან კარგი ფილმები აქვს. ასევე, ოცდაათამდე ფესტივალის პროგრამერი და ფონდის ხელმძღვანელი, ინდუსტრიის ხელმძღვანელი გვყავს მოწვეული. ვფიქრობ, წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იქნება.
როგორი თემატიკის იქნება ფილმები, რომლებსაც ფესტივალზე ვიხილავთ?
თემატიკა ყოველ საღამოს სხვადასხვა იქნება, მინდა რომ სამაყურებლო ფილმები იყოს, შეიძლება, ჰოლივუდის ფილმებიც გვქონდეს. მინდა, რომ მაყურებლებმა, რომლებიც 2 საათის განმავლობაში დასხდებიან უშგულის ცის ქვეშ, ისიამოვნონ.

მოგვიყევი კიდევ ერთ შენს ნამუშევარზე „კაცების მიწა“, რომელიც ასევე დამოგზაურობს სხვადასხვა ფესტივალებზე.
მისი პრემიერა გასულ წელს იყო. მან „სარაევოს გული“ მოიგო, ესეც A კლასის კინოფესტივალია. ის, ასევე, წარდგენილი იყო „იდფაზე“ საუკეთესო ფილმებს შორის. „იდფაც“ დოკუმენტურ კინოში მსოფლიოში ნომერ პირველი ფესტივალია. მიხარია, რომ ახლა „ზაგრებდოქსიდან“ გვაქვს მოწვევა. უამრავი კინოფესტივალიდან გვაქვს მოწვევა. მიხარია, რომ ჩვენი შრომა ფასდება, მით უმეტეს, რომ ორივე ფილმი დაფინანსების გარეშე გვაქვს გაკეთებული მე და ჩემ მეუღლეს.
ასევე, პროდიუსერმა ვლადიმერ კაჭარავამ გამაკეთებინა „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჯგუფს, რომელმაც უსასყიდლოდ იმუშავა ამ ფილმზე 7 დღის განმავლობაში.
როგორია სამომავლო გეგმები?
ვმუშაობ სრულმეტრაჟიან ფილმზე „ქალღმერთ დალიზე“ და ამ პროექტს ვავითარებ. იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გავაკეთო, რადგან „დედეს“ შემდეგ დიდი ხანი გავიდა, რაც ვერ ავიღე კინოცენრიდან დაფინანსება და ვერ გადავიღე სრულმეტრაჟიანი ფილმი.
ამდენი საქმის ფონზე, ფანტასტიკურად ახერხებ დედობას, მომიყევი, როგორი ხარ ოჯახში?
ორი შვილი მყავს, 6 წლის გიჟი ბავშვი და 10 თვის პატარა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მარტივი არ არის, მაგრამ არ არის შეუძლებელი. თუ მე შემიძლია, ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია, თან იყოს შვილის გვერდით და თან რაღაცნაირად კარიერა აიწყოს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახის წევრებს, ყველას ვინც მხარში მიდგას.