ცენტრი „ემპათია“ საგამოძიებო უწყებიდან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან – გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის და ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 27 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას ითხოვს.
„ჩვენ გვაქვს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები და შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ საგამოძიებო უწყებიდან მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან – გლდანის მე-18 დაწესებულებაში გაყვანის ვიდეომასალა, რათა სრულად შევისწავლოთ და ასევე, შევისწავლოთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ძალადობრივი ინციდენტი, განხორციელებული 27 დეკემბერს.
გარდა ამისა, ვითხოვთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან წვდომას. ეს ექსპერტიზები არ არის ჩატარებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და გვაინტერესებს რა არის ჩატარებული და რა შედეგები არის ამ ექსპერტიზაში ასახული“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა.