ახლახან ნინო ჩხეიძის ერთადერთი ქალიშვილი, მარიკო კორახაშვილი გაბედნიერდა. მისი რჩეული კანადელია და მისი თანატოლია. ნინოსთვის შვილის გათხოვება მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა სასიძოს იცნობდა. ახლა კი, როცა პირველი ემოციები დაცხრა, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია ქალიშვილის არჩევანით. fortuna.ge-სთან მომღერალი თავის ბედნიერებას აზიარებს…
ნინო, გილოცავ ქალიშვილის გაბედნიერებას, ვინ არის შენი სიძე, რამდენად მოულოდნელი იყო ეს ამბავი?
მოულოდნელი მაინც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წელია იცნობენ ერთმანეთს და აქვთ მიმოწერა. ჯერემი ელენორი ცხოვრობს კანადაში, ერთმანეთი კი გაიცნეს აქ, თბილისში, როდესაც ის გაცვლითი პროგრამით იყო ჩამოსული ვებსტერის უნივერსიტეტში, სადაც მარიკო სწავლობს. მარიკოს, ძირითადად, უცხოელებთან აქვს შეხება… მაშინ, როცა ერთმანეთი გაიცნეს, არაფერი ყოფილა და შესაბამისად, მეც არ ვიცნობდი. როცა უკან დაბრუნდა, კანადაში, მარიკოსთან ოთხი წლის განმავლობაში ჰქონია მიმოწერა. შარშან ჩამოვიდა და უკვე მარიკომ გაგვაცნო. თქვა, რომ ისევ დაბრუნდებოდა და მართლაც ისევ ჩამოვიდა.
მარიკოს ხელი ჩემთვის არ უთხოვია. მარიკოც და ისიც ბობ დილანის ფანები არიან. მარიკოს სიურპრიზი გაუკეთა და ბობ დილანის კონცერტზე დაპატიჟა. ის ხელის თხოვნის ვიდეოც, რომელიც გავრცელდა, სწორედ ამ კონცერტზეა გადაღებული. მეც არ ვიცოდი და ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. როცა ფოტოები დაიდო და ყველა წერდა, ვერ ვაკეთებდი კომენტარს, ცოტა დავიბენი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა.
როცა ჩამოვიდნენ, ჩვენთანაც იყვნენ სტუმრად… ძალიან გახარებულები ვართ…

რა გეგმები აქვთ?
მგონი, ჯობს, მათი გეგმების შესახებ მე არ ვისაუბრო.
რამდენი წლის არიან მარიკო და მისი მეუღლე?
ორივე 22 წლის არის.

ნინო, შენ პატარა იყავი ხომ, როცა გათხოვდი?
მე 21 წლის ვიყავი, ძალიან პატარაც არ ვყოფილვარ. როცა ვთხოვდებოდი, მეგონა, რომ დარჩენილი ვიყავი და ძლივს გავთხოვდი. ახლა კი მეჩვენება, რომ მარიკო ძალიან ადრე დაქორწინდა. არ მეჩვენება, ასეა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მთავარია, კარგი ადამიანი შეგხვდეს. მე ერთი წუთითაც არ მინანია, რომ ადრე გავთხოვდი. არაფერში ხელი არ შემეშალა. მთავარია შეგხვდეს კარგი ადამიანი.
მარიკო როგორ გრძნობს თავს?
ძალიან, ძალიან ბედნიერია.

შენ რას გვეტყვი ჯერემის შესახებ?
ძალიან კარგი ბიჭია, მეც ძალიან მომეწონა. ცოტა ენის ბარიერი მაქვს (იღიმის). კანადური ინგლისურის გაგება ცოტა მიჭირს…
იცის, ასეთი პოპულარული სიდედრი რომ ჰყავს?
კი, კი… დავპატიჟეთ სტუდიაში, დავათვალიერებინეთ ყველაფერი. ძალიან გახარებულია. მოისმინა ჩემი სიმღერებიც (იღიმის). სიმართლე გითხრა, ძალიან გახარებული ვარ, ოღონდ ემოციებისგან დაცლილი. სიხარული ცოტა შოკში რომ გადაგდის, ასე ვარ… (იცინის).
ბედნიერებას ვუსურვებთ მარიკოს და ჯერემის!..
დიდი მადლობა…
