იაპონიას სუპერტაიფუნი „ნანმადოლი“ უტევს.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტაიფუნის გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ 9 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, იაპონიას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტაიფუნი დაატყდა თავს, სწორედ ამიტომ მოსახლეობამ სახლები უნდა დატოვოს.
ამ დროისთვის ტაიფუნს უკვე ემსხვერპლა 2 ადამიანი, 90 კი დაშავდა.
ტაიფუნმა კვირას, დილით იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ კიუსიუს გადაუარა.
ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში კუნძულ ჰონსიუზეც გავრცელდება.
„ათიათასობით ადამიანმა კვირა ღამე საგანგებო თავშესაფრებში გაატარა, თითქმის 350 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ტრანსპორტისა და ბიზნესის მუშაობა შეფერხებულია და ქვეყანა დიდი წყალდიდობისა და მეწყრებისთვის ემზადება. გაუქმდა ჩქაროსნული მატარებლისა და ბორნების გადაადგილება, ასევე ასობით ფრენა“, – წერს BBC.
„ნანმადოლი“ აშშ-ის ტაიფუნის გამაფრთხილებელი ცენტრის მიერ შეფასებულია როგორც სუპერ ტაიფუნი და ის მეოთხე-მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის ტოლფასია.