საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით საქართველო არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში ქვეყანა უსაფუძვლოდ აჯანჯღარა, – ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ამ განცხადებით ნიკოლოზ სამხარაძე “ლელოს” დეპუტატს, დავით უსუფაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში არაევროპული ცხოვრების სტილს ამკვიდრებს“.
„გუშინწინ, ამ დარბაზში ოპოზიციის მოთხოვნით პოლიტიკური დებატები დაინიშნა, სადაც გვექნებოდა შესაძლებლობა, საგნობრივად გვესაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლებს არანაირი მოსაზრებები არ ჰქონდათ სიღრმისეული დისკუსიისთვის და საბოლოო ჯამში, როგორც ერთ ცნობილ ქართულ კინოფილმში „ფეოლაში“ ერთი ცნობილი სცენა არის – ბავშვები 14-ით ნულს წააგებენ, ასეთი გალახული ბავშვებივით დატოვეს დარბაზი.” – განაცხადა სამხარაძემ
მისი თქმით, ოპოზიციამ ერთ მტკიცებულებაც ვერ მოიტანა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და საკუთარ ხალხს საბოტაჟი მოუწყო.
“კიდევ იცით რას არ იმსაუხრებს? არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს, არც ამას არ იმსახურებს და თქვენს ლიდერს, ამასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, დრო არ მაქვს ბევრი, თორემ კიდევ ბევრ რამეს გეტყვით, რას არ იმსახურებს, თქვენი სახით“, – განაცხადა სამხარაძემ.
რაც შეეხება დავით უსუფაშვილის განცხადებას, “ლელოს” დეპუტატმა ამით უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის კითხვას ოპოზიციის მიმართ, იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.
“დღეს მე მინდა, აქეთ [“ქართული ოცნების”] შემადგენლობის გასაგონად ხმამაღლა გავიმეორო, დიახ, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას.
საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპულ ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს, არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, უამრავი ინდივიდუალური პოლიტიკოსის თუ საჯარო მოხელის წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომისთვის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.