104 წლის უილიამ ლეპშისმა კორონავირუსი დაამარცხა და საავადმყოფო თავის დაბადების დღეზე დატოვა.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც ახალგაზრდობაში ესპანურ გრიპს და დიდ დეპრესიასაც გადაურჩა, Covid 19-ით ამერიკაში, ორეგონის შტატში მდებარე ვეტერანთა სახლში დაინფიცირდა. პირველი სიმპტომები მოხუცმა მარტის დასაწყისში იგრძნო და მაშინვე თვითიზოლაციაში წავიდა. რამდენიმე კვირაში კი მან სრულებით გამოჯანმრთელება შეძლო.
104 წლის იუბილეს უილიამი ჯანმრთელი და ბედნიერი შეხვდა. მოხუცისთვის მისალოცად მთელი ოჯახი შეიკრიბა. თუმცა, ვეტერანთა სახლში შესვლა პანდემიის გამო შეზღუდულია, ამიტომ დაბადების დღეზე მისულმა სტუმრებმა დისტანციური წვეულება მოაწყეს.
„მამას წინა იუბილეზე 200–ზე მეტი სტუმარი იყო შეკრებილი“ – განაცხადა ვეტერანის ქალიშვილმა კაროლმა, „წელსაც გრანდიოზულ წვეულებას ვგეგმავდით, თუმცა კორონავირუსმა ხელი შეგვიშალა და იმპროვიზირება დაგვჭირდა“.
კაროლი იხსენებს, რომ მამა თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და ექიმები ოჯახს ყველაზე ცუდი შედეგისთვის ამზადებდნენ. თუმცა, მათ იმედი არასდროს დაუკარგავთ, რადგან მისტერ ლეპშისი ნამდვილი მებრძოლია. ის ესპანურ გრიპს, დიდ დეპრესიას, მეორე მსოფლიო ომს და კიდევ ბევრ სხვა რთულ მოვლენას გადაურჩა.
ვეტერანს იუბილეზე კითხეს, თუ როგორ გრძნობდა თავს. რაზეც მან უპასუხა – „ძალიან კარგად. მე ეს შევძელი, ყველაფერი კარგად იქნება”.