ევროკავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ ჰიბრიდულ ავტომობილებზე ახალი საბაჟო ტარიფების დაწესებისთვის ემზადება. ევროპული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოეს კვირებში მიიღონ.
2024 წლის ბოლოდან ევროკავშირში უკვე მოქმედებს დამატებითი ტარიფები ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე. სხვადასხვა მწარმოებლისთვის მათი მოცულობა განსხვავებულია. მაგალითად, BYD-ის ავტომობილებზე დამატებითი ტარიფი 17%-ს შეადგენს, ხოლო SAIC Motor-ის შემთხვევაში საერთო საბაჟო გადასახადი 45%-ზე მეტია.

ამ შეზღუდვების შემდეგ ჩინურმა კომპანიებმა ევროპული ბაზრისთვის ექსპორტის სტრატეგია შეცვალეს და ყურადღება ჰიბრიდულ მოდელებზე გადაიტანეს, რომლებიც დღემდე მხოლოდ სტანდარტული 10%-იანი იმპორტის გადასახადით იბეგრებოდა. შედეგად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინური ჰიბრიდების გაყიდვები ევროპაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
განსაკუთრებით სწრაფად იზრდება BYD-ის გავლენები. 2026 წლის პირველ ოთხ თვეში კომპანიის გაყიდვები ევროპაში თითქმის 153%-ით გაიზარდა და 71 850 ავტომობილს მიაღწია. მთლიანობაში კი ჩინური ბრენდების წილი ევროპის ავტო ბაზარზე 6%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.2% იყო.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ მოქმედი რეგულაციები გარკვეულ „საკანონმდებლო ხარვეზს“ ტოვებს, რომლის გამოყენებითაც ჩინური მწარმოებლები ელექტრომობილებზე დაწესებულ შეზღუდვებს გვერდს უვლიან. სწორედ ამიტომ ბრიუსელი ახლა ჰიბრიდული ავტომობილებისთვისაც დამატებითი ბარიერების შემოღებას განიხილავს.
თუ ახალი ტარიფები დამტკიცდება, ეს კიდევ უფრო გაართულებს ჩინური ავტომწარმოებლების საქმიანობას ევროპის ბაზარზე და შესაძლოა ჰიბრიდული მოდელების ფასებზეც აისახოს. ევროკავშირი ამ ნაბიჯს ადგილობრივი ავტოინდუსტრიის დაცვის აუცილებლობით ხსნის, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ზომები კონკურენციას შეამცირებს და მომხმარებლებისთვის ავტომობილებს გააძვირებს.
