ევროპაში უჩვეულო ვაკანსია გამოჩნდა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. თვითგანვითარების აპლიკაცია RiseGuide ეძებდა ადამიანს, რომელიც რვა კვირის განმავლობაში ევროპის რვა ქალაქს მოივლიდა, ადგილობრივ უცნობებთან საუბარს დაიწყებდა და ამისთვის 6 000 აშშ დოლარს, სრულად დაფინანსებულ ავიაბილეთებს, სასტუმროებსა და გასართობ პროგრამას მიიღებდა.
ვაკანსია იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ განაცხადების მიღება დაწყებიდან მალევე შეწყდა – კომპანიამ ათიათასობით განაცხადი მიიღო.
კომპანია კანდიდატს Global Charisma Scout-ის („გლობალური ქარიზმის მკვლევარი“) პოზიციაზე ეძებდა. მისი მთავარი ამოცანა იყო გაერკვია, ევროპის რომელ ქალაქებშია უცნობ ადამიანებთან საუბრის დაწყება ყველაზე მარტივი.
პროექტის ფარგლებში მონაწილე თითო კვირას გაატარებდა რომში, ბარსელონაში, ლისაბონში, პარიზში, დუბლინში, ათენში, ამსტერდამსა და ბერლინში.

ყოველ ქალაქში მას ადამიანებთან საუბრის დაწყება მოუწევდა კაფეებში, ბარებში, პარკებში, რესტორნებში, რიგებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. თითოეული შეხვედრის შემდეგ ქალაქი სამი კრიტერიუმით შეფასდებოდა:
- რამდენად მეგობრულად ხვდებიან ადგილობრივები უცნობებს;
- რამდენად მზად არიან საუბრის გასაგრძელებლად;
- რამდენად მარტივია მათთან კონტაქტის დამყარება.
რესპონდენტების თანხმობის შემთხვევაში მონაწილე ფოტოებსა და ვიდეოებსაც გადაიღებდა, ასევე შეაგროვებდა მოგზაურობის სიმბოლურ ნივთებს – მაგალითად, კაფეების ხელსახოცებს ან კინოთეატრის ბილეთებს. ამ მასალების საფუძველზე RiseGuide ევროპის ქალაქების სპეციალურ რეიტინგს – European Charisma Index-ს შეადგენდა.
პროექტის იდეა კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გააჩინა. 2 000 Z თაობისა და მილენიალის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები ქუჩაში უცნობებთან საუბარს სულ უფრო იშვიათად იწყებენ.

კვლევის მიხედვით:
86% ამბობს, რომ შემთხვევით დაწყებულ საუბარს სიამოვნებით გააგრძელებდა;
თუმცა მხოლოდ 34% დგამს პირველ ნაბიჯს;
ყოველი მეშვიდე რესპონდენტი კი ამბობს, რომ თუ გზა აებნეოდა და ტელეფონი არ ექნებოდა, გამვლელს დახმარებასაც კი არ სთხოვდა.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კომუნიკაციის შიში კარიერაზეც აისახება. გამოკითხულთა 78%-მა განაცხადა, რომ სოციალური უნარების ნაკლებობის გამო პროფესიული შესაძლებლობა უკვე დაუკარგავს – ზოგმა სამსახური ვერ მიიღო, ზოგმა კი ხელფასის მომატება ვერ გაბედა მოეთხოვა.
კიდევ 10%-მა აღიარა, რომ 1 000 აშშ დოლარის გადახდასაც კი ამჯობინებდა, ოღონდ საჯაროდ გამოსვლა არ დასჭირვებოდა.
RiseGuide-ის შეფასებით, ცოცხალი კომუნიკაციის კულტურა სხვადასხვა ქალაქში განსხვავებულად ვითარდება. მაგალითად, რომში უცნობები ხშირად ისე იწყებენ ფეხბურთზე ან პიცაზე კამათს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ, მაშინ როდესაც ზოგიერთ სხვა ქალაქში ადამიანები თვალით კონტაქტსაც კი ერიდებიან.
კომპანია ეძებდა ენერგიულ, კომუნიკაბელურ და დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს და ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობა შეუძლია. უმაღლესი განათლება სავალდებულო არ იყო, ხოლო დამატებით ევროპული ენის ცოდნა, ინგლისურის გარდა, უპირატესობად ითვლებოდა.
განაცხადის გასაგზავნად საჭირო იყო რეზიუმე, სოციალური ქსელების საჯარო პროფილების ბმულები და 3-4-წუთიანი ვიდეო, რომელშიც კანდიდატი ხსნიდა, რატომ იყო ამ პოზიციისთვის შესაფერისი.
თუმცა, დიდი ინტერესის გამო, ვაკანსიაზე განაცხადების მიღება ძალიან სწრაფად დასრულდა.