LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford ამზადებს ბიუჯეტურ ელექტრო პიკაპს, რომლის შეკეთებაც ავარიის შემდეგ უფრო მარტივი იქნება

105
orig

ამერიკული ავტო გიგანტი Ford ახალი ხელმისაწვდომი ელექტრო პიკაპის დეტალებს ასაჯაროებს, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს უნდა გამოვიდეს.

გამოცემა Car and Driver-ის ინფორმაციით, მოდელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ავარიის შემდეგ მისი აღდგენა უფრო მარტივი და იაფი იყოს.

პროექტზე კალიფორნიაში მდებარე Ford-ის საინჟინრო ცენტრში დაახლოებით 350 ადამიანი მუშაობს. კომპანია აღნიშნავს, რომ სპეციალისტების ნაწილისთვის დეტროიტში გადასვლა მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც ახალი მოდელის შტაბ-ბინა ქალაქ ლონგ-ბიჩში განთავსდა.

ინჟინრების თქმით, პიკაპის შასი დიდი ზომის ელემენტებისგან აიწყობა, რაც წარმოების პროცესსაც გაამარტივებს და შეამცირებს ხარჯებს.

ავტომობილის კონსტრუქციაში სპეციალური „გამყოფი ხაზები“ იქნება ინტეგრირებული – დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ კონკრეტული მონაკვეთის მოჭრა და შეცვლა, მთელი დეტალის გამოცვლის გარეშე. შესაბამისი ნაწილები სათადარიგო ელემენტების სახით გაიყიდება.

დიზაინის მხრივ მოდელი კლასიკური პიკაპის ფორმას შეინარჩუნებს – მაღალი ბორტებითა და თითქმის ვერტიკალური კაბინით, თუმცა წინა ნაწილი უფრო დახრილი იქნება აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად.

კომპანიის ინფორმაციით, სალონის შიდა სივრცე ზომებით Toyota RAV4-საც გადააჭარბებს.

ელექტრო სისტემების ნაწილიც განსხვავებული იქნება – მხოლოდ გარკვეული კომპონენტები, მაგალითად განათება და ფანჯრების ამწევები, იმუშავებს ტრადიციულ 12 ვოლტიან ქსელზე, ხოლო ძირითადი სისტემები 48 ვოლტიან არქიტექტურას გამოიყენებს, რაც მანქანის წონის შემცირებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები