LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანიკო ხაზარაძე: „მოხუცთა თავშესაფარში უამრავი ცნობილი სახის ნათესავები არიან, უბრალოდ ისინი ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ“

13
page

გადაცემის Live

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე, რომელმაც კარიერის საწყისები გაიხსენა და წამყვანის მიერ დასმულ ყველა კითხვას გულწრფელად უპასუხა.

როგორ ხარ ნანიკო?

თუ არ ჩავთვლით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, კარგად ვარ, მადლიერი ვარ ღმერთის, მეგობრების, ყველასი.

როგორ გახდი ერთერთი ტოპწამყვანი?

წამყვანად ნამდვილად არ დავბადებულვარ, ყველაფერი დაიწყო 90-იან წლებში, „კერასინკების“, მე-9 ფიდერის დროს, გენერატორი, ნავთის სუნი… რაღაც სერიალს უმზერდა მთელი უბანი, ჩემი მეგობრის სახლის ტელეფონზე დამირეკა ჩემი რძლის ძმამ, მიშა მრევლიშვილმა და მითხრა, მე-2 არხზე მოდი, აქ რაღაც გადაცემააო. ვიყავი ნაცრისფერი ვირთხა, არაფრით გამორჩეული, უწყინარი, ერთი ჩვეულებრივი უბნელი გოგო. ფაქტია, იმ ადამიანმა დამინახა, ზამთარი იყო, მეცვა ჩრჩილისგან დაჭმული ბორდოსფერი ზედა, უცეშემიყვანეს სტუდიაში, გამიკეთეს მიკროფონი და პირდაპირ ეთერში იღბლიანი ბორბალი უნდა დამეტრიალებინა, ეს იყო გადაცემა „დუბლიორი“. ეს ეთერი რომ დავასრულე, ძალიან ბევრი ვიტირე. ვიყავი გაბრაზებული, ვერ მივხვდი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. სწორედ იმ დღეს დაიწყო ყველაფერი.

როგორ განვითარდა მოვლენები ამ ყველაფრის შემდეგ?

„მე-2 არხის“ შემდეგ გადავედი „პირველ არხზე“, იქ იყო გადაცემა „ტერმინალი 72“, ეს იყო საქართველოში პირველი გადაცემა, სადაც კლუბებს ვაჩვენებდით და საზოგადოებას ქართველ მუსიკოსებს ვაცნობდით. ჩვენ კლუბებში დავდიოდით და საშუალებას ვაძლევდით, საკუთარი მუსიკა გაეზიარებინათ ადამიანებისთვის, მაშინ აღმოაჩინეთ კახა ცისკარიძე, ჩვენ ძალიან ბევრ მომღერალს მივეცით ასპარეზი. ამის შემდეგ იყო „ტოტო-ლოტო“. ისე ხდებოდა, რომ როცა ერთ ადგილზე ყოფნას ამოვწურავდი, გადავდიოდი მეორე პოზიციაზე, თუმცა „იმედის დღეში“ 11 წელი შემოვრჩი და მერე ჩემი ნებით წამოვედი.

შენ ახლა ძალიან კარგ გადაცემაში მუშაობ, სადაც ადამიანებს მავნე პროდუქტებზე ესაუბრები, საიდან წამოვიდა ეს იდეა?

შემოვიდა ეს იდეა და ჩემმა პროდიუსერმა გადაწყვიტა, რომ ეს გადაცემა სწორდე მე უნდა წამეყვანა. ძალიან  საინტერესო გამოვიდა ამ გადაცემაზე მუშაობა, მეც ყოველდღიურად ვსწავლობ. ბევრი რამ გავიგე და თამამად შემიძლია ვურჩიო ყველას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ პროდუქტები იმისათვის, რომ კარგი გავლენა მოახდინოს ჩვენზე. ასეთი გადაცემები აუცილებლად უნდა არსებობდეს.

შენ მაყურებელმამაესტროდან“ „ტოროლებიდანგაგიცნო, გაიხსენე ეს პერიოდი

დღემდე მომყვება და ძალიან მიყვარს. ერთ-ერთ კავშირგაბმულობის კომპანიაში გაყიდვებში დავიწყე მუშაობა, ვყიდდი ტელეფონის ნომრებს. დიდი სატელეფონო კონტაქტი მქონდა ადამიანებთან, არ იცოდნენ, რომ მე ვიყავი, მქონდა კარგი ანაზღაურება, უეცრად მირეკავს მამუკა ღლონტი და მეუბნება, ერთ კვირაში ვხსნი ტელევიზიას და მინდა, რომ შენ და სოსო თოლორაია წამყვანები იყოთო, ხელფასს ვერ გპირდებიო. ერთი წამით არ დავფიქრებივარ, მაშინვე წამოვედი. პირველ ეთერში არანაირი თემა არ გვქონდა, ვნერვიულობდი, არადა, გადაცემა 3-საათიანი იყო. უეცრად კვლავ დამირეკა მამუკამ და მითხრა, რომ გადავწყვიტე, შენ და ნიკა ლომიძე უნდა ისხდეთ ეთერშიო, არადა, ნიკას არ ვიცნობდი. მეორე დღეს მივედი დილით ტელევიზიაში და სრულიად უცნობ ადამიანთან დავწყე… და დავიწყე. ეს იყო ყველაზე მაგარი სამუშაო გამოცდილება, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. ჩემზე იყო მონდობილი სრულიად ტელევიზია. მე და ნიკა ლომიძემ წლები გავატარეთ ერთად. დიდი მადლობა მამუკას, რომ ის ბედნიერების განცდა მომცა, რომელიც დღემდე ხელის გულზე მატარებს.

შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდა, რა მოხდა?

ვიყავი პოპულარობის ზენიტში, გახსოვთ ალბათ, მამუკამ მე და ნიკა დაგვაქორწინა, სახლში უამრავი წერილი და საჩუქარი მხვდებოდა. მე პოპულარობის ზენიტში ვიყავი და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ გავთხოვილიყავი და წავსულიყავი მოსკოვში. შემდეგ, რომ ჩამოვედი რუსეთიდან, კვლავ „მაესტროში“ მივედი, შემდეგ იყო „რუსთავი-2“, რაც მე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, მე წყვეტა არ მქონია. შემდეგ მიმყავდა „ნანიკოს შოუ“, თუმცა „რუსთავი 2“-ის დირექტორთან კონფლიქტი მომივიდა, ჩემი ღირსება შეილახა და წამოვედი. მალევე დავიწყე „იმედში“ მუშაობა.

შენს მეუღლეს ბევრი სკანდალი უკავშირდებოდა, დღეს რა სიტუაციაა, გაქვს თუ არა ახლა მასთან ურთიერთობა?

კი, როგორ არ მაქვს მასთან ურთიერთობა, ის არ ცხოვრობს საქართველოში. შვილსაც აქვს ურთიერთობა, მართალია, ყოველდღიური არა, მაგრამ ურთიერთობა არის. ცივილიზაციამ მოიტანა, რომ წყვილებმა განქორწინების შემდეგ ცივილიზებული ურთიერთობა შეინარჩუნონ. დედამთილთან და მამამთილთან საოცარი ურთიერთობა მაქვს.

ნანიკო მამასთან დაკავშირებულმა ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, გვესაუბრე ამის შესახებ

ამ ყველაფერს დასჭირდა ძალიან დიდი გამბედაობა, მაგრამ გავიარე ეს ყველაფერი. სხვათა შორის, მოხუცთა თავშესაფარში უამრავი ცნობილი სახის ნათესავები არიან, უბრალოდ ისინი ამაზე ხმაამღლა არ საუბრობენ. მე გამოვდექი ის ერთადერთი, რომელმაც ამაზე ხმამაღლა ისაუბრა. მამა მარტო ცხოვრობდა, მე კი არ მქონდა პირობები. ჩემთან რომ გადმომეყვანა, ან მე გადავსულიყავი. თავიდან დამხმარე ქალი ავიყვანე. მაგრამ ვერ გავწყდი. მწერდნენ, მე წამოვიყვან შენს მამას პანსიონიდან და მე მივხედავო. დღეს ის ცოცხალი არ იქნებოდა, ეს რომ არ გამეკეთებინა. მე რომ მამასთან ურთიერთობა გამეგრძელებინა, გავაფუჭებდი ჩემს შვილთან ურთიერთობას, დავანგრევდი ოჯახს. ახლა მამა კარგადაა, ახლა კაცი არის ბედნიერი. სწორედ იმ ადამიანებმა ვერ გამიგეს, ვისაც არ ჰქონია შეხება „დემენციასთან“. ძალიან რთულია ასეთ ადამიანთან ურთიერთობა. გამუდმებით ფიქრი, ხომ არ დამრჩა სახლში ფანჯარა ღია, ხომ არ დამრჩა ასანთი, მისი ქუჩაში ძებნა, ერთი და იმავეს ასჯერ გამეორება და მოსმენა…

ხარ თუ არა კმაყოფილი შენი ცხოვრებით?

ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ და კმაყოფილი ვარ ძალიან ჩემი ცხოვრებით. ყველაფრით კმაყოფილი ვარ, რომ არა ყველაფერი, მე დღეს შენთან ამ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებდი, მიყვარს ჩემი თავი.

როგორი დედაა ნანიკო?

მიუხედავად იმისა, რომ მთელი 9 თვე ეთერში ვიჯექი, მშობიარობიდან 2 კვირაში სამსახურში გავედი, ჩემი შვილისთვის ყურადღება არასდროს დამიკლია. ლილუ პატარაობიდან საოცარ რჩევებს მაძლევს, მას ჩემს პიროვნულ ზრდაში ძალიან დიდი წვლილი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები