LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომელიმეს ,,მიყვარხარ” რომ გვეთქვა ერთმანეთისთვის, ალბათ ძალიან ბანალური იქნებოდა“ – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი სტუმრად „ვიზიტორში“

8
gasvianivizitori

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები არიან  მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე, მარიტა მელიქიშვილი. ახალდაქორწინებულებმა გადაცემაში თავიანთი სიყვარულის ისტორია გაიხსენეს. 

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

მარიტა: მოდით მე დავიწყებ, იმიტომ რომ მე ვიყავი აქტიური. თავდაპირველად, როდესაც გიორგი „ფეისბუკმა“ ამომიგდო მე დავაფოლოვე „ინსტაგრამზე“. ძალიან დამაინტერესა ტიპაჟურად. ის ძალიან საინტერესო იყო და გადავწყვიტე ,,დამესქროლა” და დამეთვალიერებინა „ინსტაგრამზე“.  როდესაც მის გადაცემას ვუყურე, მან ძალიან დამაინტერესა. თეატრი და პოეზია ძალიან მიყვარს და ვიცოდი, რომ გიორგი ამ კუთხით ძალიან განვითარებული და განათლებული ადამიანი იყო.

ერთხელაც, როცა კახი კავსაძის ვიდეო დავდე, გიორგიმ მომწერა და სპექტაკლზე  „ბრუტუსი“ დამპატიჟა, ეს მოხდა გასული წლის თებერვალში. მე მას უნდა დავლოდებოდი, რომ გამეცნო, მაგრამ იმდენი ადამიანი ელოდებოდა, რომ ცოტა შემრცხვა და წავედი. შემდეგ ბათუმში, ჯგუფი „არას“ კონცერტზე  შევხდით. ეს შეხვედრა 20 წუთს გაგრძელდა, თუმცა საკმარისი იყო, რომ გიორგის მიმართ გრძნობები გამჩენოდა. გიორგიმ პირველად მკითხრა, თუ რას ვფიქრობდი ამ სამყაროზე.

გიორგი: ახლა რომ ვთქვა, მარიტა პირველსავე ნახვაზე შემიყვარდაო, არ ვიცი რას იტყვის საზოგადოება, მაგრამ მან ჩემზე მაშინათვე საოცარი ეფექტი მოახდინა. ამის შემდეგ ჩვენი კონტაქტი ყოველდღიურად გაგრძელდა.

მარიტა: ჩვენ ისეთი საინტერესო საუბრები გვქონდა, რომ იმ პერიოდში რომელიმეს „მიყვარხარ“ რომ გვეთქვა, ალბათ ძალიან ბანალური იქნებოდა. როდესაც მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ყოფნა, სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. ასე რომ შეყვარებულობის პერიოდი არ გამოგვივლია. პირდაპირ სერიოზულად დავიწყეთ ყველაფერი.

ასაკზე მინდა გკითხოთ, ძალიან დიდი განსხვავებაა – 16 წელი…

გიორგი: მინდა ვთქვა, რომ რაც უფრო დიდია ასაკობრივი ზღვარი, მით უფრო მეტია სიყვარულის ხარისხი. უფრო საინტერესოა…

თქვენი დაოჯახება საზოგადოებისთვის და მედიისთვის ძალიან დიდი ფოიერვერკი იყო, გაჩნდა უამრავი სტატიები, სტატუსები, მარიტა შენ თუ იყავი ამ ყველაფრისთვის მზად.

მარიტა: რა თქმა უნდა არ ვიყავი მზად, თუმცა გიორგი თავიდანვე მაფრთხილებდა, რომ თუკი რაიმე ნეგატიური დაიწერებოდა არ მიმექცია ყურადღება. ახლა უამრავი მესიჯი მოგვდის, ძალიან ბევრი გვილოცავს და ბევრს უხარია ჩვენი ამბავი.

გიორგი: ჩვენს შემთხვევაში ასაკზე არ ყოფილა ბევრი საუბარი, პირიქით ძალიან ბევრმა წყვილმა მოგვწერა, რომლებიც 16 წლიანი სხვაობით არიან, გვეუბნებოდნენ, რომ უკვე მრავალი წელი ბედნიერად ცხოვრობდნენ. გუგლში რომ მოძებნონ ადამიანებმა 16 წლიანი სხვაობა, პირდაპირ სათაურადაა გამოტანილი – „სიყვარულის აპოთეოზი“. მე და მარიტას საერთო ინტერესები გვაქვს, მას თეატრი და პოეზია უყვარს სწორედ ეს სფეროები გვაერთიანებს. ამ დროს ასაკობრივი ზღვარი იშლება.

გიორგი, რა რეაქცია ჰქონდა შენს დედას?

რა რეაქცია უნდა ჰქონოდა, ასეთი 18 წლის ვერცხლის წყალივით გოგო რომ შემოვიდა ოჯახში, – ის ძალიან ბედნიერია. დედაჩემი და მარიტას ბებია 61 წლის არიან, ფაქტობრივად მარიტასთვის დედაჩემი ბებიის ასაკისაა,  მარიტას მშობლები კი ჩემზე სულ რამდენიმე წლით არიან უფროსები.

ძალიან ხმაურიანი ქორწილი გქონდათ იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი საჩუქარი მიიღეთ

მარიტა: დათუნა სულიკაშვილის საქორწინო კაბა მეცვა, ეს მისი საჩუქარი იყო. ანრი ჯოხაძის იდეა იყო, რომ თაიგული აივნიდან გადამეგდო, ის კი კრისტი ყიფშიძემ დაიჭირა.

გიორგი: ჯვრისწერაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა მოინდომა, რომ ჩვენთის საჩუქარი გაეკეთებინა. „გრან პლაზამ“  დაგვპატიჟა რამდენიმე დღით საქორწინო მოგზაურობაში ბორჯომში. ხათუნა კობახიძემ იმდენ ტანისამოსი გვაჩუქა, ქორწილის შემდეგ რამდენიმე დღე გვეცვა.

მარიტა, ჰყვები თუ არა გიორგის სიგიჟეებში?

რაიმე განსაკუთრებული სიგიჟეები არ გვახასიათებს, თუმცა რადგან პანდემიის დროს სპექტაკლები არ აქვს, ყოველ 5 წუთში სპექტაკლებს მიდგამს ხოლმე. სულ ვიღაცის პაროდიებს მიკეთებს ხოლმე. როგორიც ეკრანზეა ასეთივეა სიყვარულშიც და ურთიერთობებშიც. ის ძალიან მზრუნველი ადამიანია. ახლა გამოცდები მქონდა, ეს საგამოცდო თემები ტელევიზიას ეხებოდა და ძალიან დამეხმარა ამ საკითხში, ჩემი ლექციებიც მოისმინა, ჩემს განვითარებაზე ძალიან ზრუნავს. მე ვარ თევზები ზოდიაქოთი და მაქვს ინტუიცია განვითარებული, ასე რომ როგორიც მეგონა რომ იყო გიორგი, ზუსტად ისეთი აღმოჩნდა.

მარიტა რაზე ბრაზდები ხოლმე?

აი რაზე და დილაობით უხასიათოა ხოლმე ხშირად, ამაზე ვღიზიანდები ძირითადად.

გიორგი არ შემიძლია ბოლო გადაცემებზე რომ არ გკითხო, რომლებმაც სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვეს…

შენ ალბათ გულისხმობ, ტიკ-ტოკერები რომ გვყავდნენ სტუმრად. პატარა შესავალს გავაკეთებ, ხშირ შემთხვევაში უკვე მედიას, სოციალური მედია ასწრებს ხოლმე. ის ასაკობრივად ყველა სეგმენტს მოიცავს. ტიკ-ტოკი მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ სივრცეში ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა აღმოჩნდა. სწორედ ამ თემაზე გაკეთებულმა გადაცემამ დადო საოცარი რეიტინგი. ასევე ძალიან დიდი რეიტინგი დადო გადაცემამ სადაც „პარალელური სამყარო“ იყო მოწვეული. ზოგი მადანაშაულებდა ბულინგში, თუმცა არა, ძალიან თბილად ვექცეოდი სტუმრებს,  ერთადერთი პრობლემა მქონდა, ეს იყო რბილი „ლ“. არ შეიძლება წამყვანს ჰქონდეს ეს პრობლემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები