LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“20 კილოგრამი აქვს დაკლებული – სააკაშვილმა საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა…თუ კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას დაიღუპება” – რას აცხადებენ ადვოკატები

48
BeFunky-collage (17)

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა, – აღნიშნულის შესახებ ადვოკატებმა განაცხადეს.

როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აღნიშნავს, სააკაშვილმა კლინიკა “ვივა მედში” შესვლის დღიდან 20 კილოგრამი დაიკლო.

“წუხანდელთან შედარებით, უკეთესი სიტუაციაა, თუმცა, ზოგადად, რთული მდგომარეობაა. ეს რაც ჯანმრთელობას შეეხება. წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არა პროტესტის მიზნით. 86 კილოგრამია და 20 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც “ვივა მედში” შემოვიდა. ფაქტია, რომ ჯანმრთელობა უარესდება. სასამართლო პროცესიც ვერ ჩატარდა. მოსამართლემ პროცესი შეწყვიტა იმის გამო, რომ მისი დაკითხვა შეუძლებელია და ეს განჩინებაშიც აისახა. ასეთი იურიდიული დოკუმენტი პირველად გაჩნდა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ექსპერტიზა არ დამთავრდება, წამლების მიღების აზრს ვერ ვხედავო. პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და რთულდება. საჭმელს ვერ იღებს, ტკივილები აქვს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ განმარტა, რომ თუ სააკაშვილი ისევ შიმშილობას დაიწყებს, დაიღუპება.

“ჩვენ ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს საკვებს, მიუტანეს, მაგრამ არ მიუღია. გუშინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც პროკურორები და მოსამართლე შევიდნენ მის ოთახში, ასევე მიუღებელია. ექიმები შიშობენ, რომ სააკაშვილმა შესაძლოა ისევ გამოაცხადოს შიმშილობა. მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ მოინახულონ ის, რადგან თუკი არ შეჭამს და შიმშილობას დაიწყებს, დაიღუპება”, – აცხადებს ამერიკელი ადვოკატი.

ცნობისთვის, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების რისკი შექმნა, რაც შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევად შეფასდეს.

როგორც ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „შესაძლებელია განვითარდეს როგორც ინსულტი, ისე ინფარქტი“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კლინიკა “ვივა მედში” ვერ ჩატარდა გასვლითი სასამართლო სხდომა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. ხსენებულის  მიზეზი კი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

 

ამავე თემაზე:

ადვოკატი: საშინელი შეტევა ჰქონდა.. აკანკალებდა, არა თუ სააკაშვილი, ასეთ მდგომარეობაში არც ერთი ადამიანი არ მინახავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები