ბავშვთა ნევროლოგი სოფო ტატიშვილი „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრობს ბავშვთა განვითარების ეტაპებზე, რომელიც ადრეული ასაკიდან იწყება და რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება. ექიმის თქმით, ყველა ბავშვი ინივიდუალურია, თუმცა არის განვითარების ის სტადიები, რომელიც სწორედ კონკრეტულ ვადაზე უნდა იყოს გავლილი:

„ბავშვის განვითარებისას გარკვეული ტიპის შეფერხებები ნეიროგანვითარებით დარღვევებში განიხილება. ამ დარღვევათა სიხშირემ ბოლო დროს საგრძნობლად მოიმატა, განსაკუთრებით კი 3-დან 7 წლამდე ასაკში. მიდგომა, რომ „მამაც სამ წლამდე არ ლაპარაკობდა“, „დედამაც ორი წლისამ გაიარა“, ხდება ხოლმე დაგვიანებული მომართვის მიზეზი.

კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოტორულ განვითარებაში გახლავთ თავის ჭერა, რომელიც 1 თვის ასაკში უნდა მოხდეს.

1 თვის ბავშვს ხელში ვერტიკალურად ჭერის დროს და ასვე მუცელზე წოლისას, თავი მაღლა უნდა ეჭიროს.

4 თვის ასაკისთვის ზურგიდან მუცელზე და მუცლიდან ზურგისკენ ბრუნვა უნდა შეეძლოს. მაქსიმუმ 10 თვის ასაკისთვის მყარად უნდა იჯდეს.

სიარული ყველაზე გვიან წლინახევრის ასაკში უნდა დაიწყოს. წონა ზოგადად მოძრაობაში უშლის ხელს ბავშვს, მაგრამ ნორმაში მაინც უნდა ჩაჯდეს.

რაც შეეხება საკომუნიკაციო უნარებს, რაშიც მეტყველებაც შედის.

1 თვიდან 2 თვემდე ასაკისთვის უნდა იყოს მზერის ფიქსაცია, თუნდაც წამიერი. უნდა მიხვდე, რომ შემოგხედა ან რაიმე საგანს შეხედა. მშობლებს ამ დროს რაიმე მკვეთრი ფერის საგნის გამოყენებას ვურჩევთ.

2 თვის ასაკიდან რაიმე ფერად საგანს თვალს უნდა აყოლებდეს. თუ არ აყოლებს, შეიძლება საგანგაშო არ იყოს, მაგრამ საყურადღებო ნიშანია.

3 თვის ასაკიდან უნდა უღიმოდეს დედას, ემოციებს უნდა გამოხატავდეს,“ -ამბობს ნევროლოგი.

მსგავსი თემები