დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა.
„რატომ მოვედი რესპუბლიკურში. ეს არის ჩემი ალმა მატერი, სადაც გავიზარდე, როგორ ექიმი. ძალიან მიყვარს ეს შენობა. აქ ჩამოვყალიბდი ექიმად, პედაგოგად, მეცნიერად, ყველაფერი აქ შევიძინე, ამ საავადმყოფოში და სამივე დოზა აქ გავიკეთე.
მაისში ორჯერ გავიკეთე „სინოფარმი“. იცით, რომ გუშინ წინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერი შეიძლება ექვს თვეზე ნებისმიერი ვაქცინით, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც 60 წელს ზემოთ ასაკის არიან და აცრილი არიან „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, აცრა შეუძლიათ უკვე სამიდან ექვს თვემდე. ამ რეგულაციას ვიცავ. დღეს უკვე გავიკეთე „ფაიზერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძე განმარტავს, რატომ აირჩია ბუსტერდოზად „ფაიზერი“ .
„დღეს სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რათა ხალხი დავარწმუნო. ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა.
„ფაიზერს“ გამოშვებიდან 9 თვე აქვს ვადა, თუ -60, -90 გრადუს ტემპერატურაზე ინახება. გალღობის შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაზე”,- აღნიშნავს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პირველი და მეორე დოზით „სინოფარმის“ 2021 წლის მაისში აიცრა.