LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია გველესიანი: „რა დროც მაქვს, ვცდილობ, ჩემს ოჯახში ჩავდო. მაიკო დღითიდღე უფრო მეტად მიყვარდება…“

907
ანდრია-გველესიანი

ანდრია გველესიანისთვის ბოლო პერიოდი ყველაზე დატვირთულია. ბენდთან ერთად მუდმივად აქვს გამოსვლები, ეწევა თეატრალურ საქმიანობას, ახლახან მიუზიკლ „მამა მიაში“ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, ქმნის საკუთარ საავტორო მუსიკას, პარალელურად კი არის იდეალური მამა და მეუღლე.

ამ თემებზე fortuna.ge-ს სიამოვნებით ესაუბრა.

ანდრია, სულ ისეთი დაკავებული ხარ, ძლივს მოვახერხეთ ინტერვიუს ჩაწერა. რა ხდება მნიშვნელოვანი შენს მუსიკალურ თუ თეატრალურ კარიერაში?

(იღიმის) ალბათ, ყველაზე დატვირთული ვარ ამ პერიოდში მუსიკალურად. უკვე წელიწადნახევარია, არსებობს პროექტი – „ანდრია და ბენდი“. ბენდთან ერთად კვირაში მინიმუმ სამჯერ სხვადასხვა ლოკაციაზე გამოვდივართ ლაივკონცერტებით. ბენდთან და სხვა მოწვეულ მუსიკოსებთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობ საავტორო მუსიკაზე. „თოვს“ სწორედ ამ პროექტის ნაწილი იყო. სხვა ავტორის სიმღერაც ჩავწერეთ „ბრავო რეკორდში“. ეს იშვიათად ხდება ხოლმე ჩემს შემთხვევაში და ვნახოთ, როგორი გამოვა. იმედია, გაამართლებს.

რაც შეეხება სამსახიობო კარიერას, არის სერიალის გადაღება. ახლახან გვქონდა „მამა მიას“ პრემიერა „თეატრში“. ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ. ზალიკო ჩიქობავა გახლავთ რეჟისორი, თამუნა არჩვაძე მუსიკალური ხელმძღვანელი. შეიკრა ძალიან მაგარი დასი. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამიტომ ზოგადად ვიტყვი, რომ ხალხისთვის საყვარელი ადამიანები შეიკრიბნენ ამ სპექტაკლისათვის.

მიუზიკლისთვის იდეალური მსახიობი ხარ. რამდენად კმაყოფილი ხარ შედეგით?

არ მჩვევია ზედმეტი თვითკმაყოფილება, მაგრამ მიუზიკლში მართლა ისე ვარ, როგორც თევზი წყალში. ეს არის ჩემი მოწოდება. ზალიკო ჩიქობავასთან ნამუშევარი მაქვს ძალიან წარმატებულ პროექტებზე და მიხარია, რომ ამ მიუზიკლშიც მომცა შანსი. მთლიანობაში მიუზიკლით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც უნდა გაეკეთებინა ამ პროექტს, ის გააკეთა. აქ არ მუშაობს მხოლოდ თეატრი, აქ არის ასევე ვახშამიც. ძალიან დიდი სიახლეა ქართულ სივრცეში. პირველად ვიღებდი ამ ფორმის მიუზიკლში მონაწილეობას და მინდა გითხრა, ძალიან გაამართლა. გვაქვს 22 თებერვალს და ასევე ვთამაშობთ 3 და 4 მარტს, ხალხი იყო აღფრთოვანებული. ძალიან ბევრი საუბრობს ჩვენი პრემიერის შემდეგ. ძალიან მიხარია.

მინდა გკითხო შენს ოჯახზე. უსაყვარლესი ვაჟი გყავთ შენ და მაიკო ვაწაძეს. მაიკოს ხშირად უთქვამს, რომ ძალიან კარგი მამა ხარ და გვატყუებს, თუ რამე ზებუნებრივი ძალა გაქვს, რომ ამდენი საქმის პარალელურად, ოჯახზე ზრუნვასაც ასწრებ?

(იცინის) გიგი დედალამაზიშვილმა ხუმრობით შემარქვა კიბორგი. მგონი, მართლა ასეა. ერთადერთი, რაზეც შემიძლია ვიწუწუნო, ისაა, თუ ჩემს სპექტაკლზე და ლაივზე არ მოდიან, ვერ ვხედავ ჩემს მეგობრებს. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, რა დროც მრჩება, ის აუცილებლად უნდა მოვახმარო ჩემს ოჯახს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაც კი დრო მაქვს, ვცდილობ, ჩემს სანიში, ჩემს მაიკოში ჩავდო. ჩემს ოთხფეხა მეგობარს ჯესისაც სჭირდება ყურადღება… შეიძლება, ჩემი დღე იყოს ასეთი – სამი რეპეტიცია, ჩაწერა, სპექტაკლი, კონცერტი, ღამის სამ საათზე სახლში დაბრუნებულმა ძაღლი უნდა ვასეირნო, მერე დილას, სანი რომ გამაღვიძებს, მას უნდა მივაქციო ყურადღება. ჯერჯერობით გამომდის, მერე ვნახოთ…

რომანტიკა ხომ არ იკარგება წყვილს შორის ასეთ დროს?

3 თებერვალს გვქონდა ჩვენი ქორწინების მეხუთე წლის იუბილე. ვცდილობთ, რომანტიკა არ დავკარგოთ. დღითიდღე უფრო მეტად მიყვარს ჩემი მაიკო და ჩემი ოჯახი. არ ვგრძნობ იმის საშიშროებას, რომ ჩვენ შორის რომანტიკა სადმე დაიკარგოს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამას ხელი შევუწყოთ.

შენ ანგრევ მითს იმის შესახებ, რომ სიმპათიურ მსახიობს იშვიათად შეიძლება მყარი ოჯახი ჰქონდეს. ეჭვიანობა არ არის თქვენ შორის?

ზოგადად, არ მიყვარს ამ თემებზე საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ წარსულში და შეყვარებულობის პერიოდში დავტოვეთ ასეთი რაღაცები. დარწმუნებული ვარ, ორივეს გვჯერა ჩვენი ურთიერთობის და ერთგულების. ისე გამოვიდა, რომ არც კი გვეფიქრება ეჭვიანობაზე…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g