საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას საქართველო არ აპირებს.
„როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე, ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა, ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი ანუ მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? – აღინიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, 2013-2021 წლებში საქართველოდან ჯამში ექსპორტირებულია 2 მილიარდი დოლარის აგრო – სასურსათო პროდუქცია.
„სხვა პროდუქციის ექსპორტის ჯამური ღირებულება შეადგენს 3 მილიარდ დოლარს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჯამურად ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მლნ დოლარი. ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წელიწადში 3 მლრდ დოლარის შემოსავალ მიიღო, საქართველოში კი 5 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა. ნურავის დაგვავიწყდება, რომ ერთი მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად, საშუალოდ, გადმორიცხვების ღირებულება 500 მილიონს შეადგენს, ანუ ჯამურად ბოლო წლებში, დაახლოებით, 3 მილიარდი შემოვიდა რუსეთიდან. გადმოირიცხა საკუთარი ოჯახების, ნათესავების დასახმარებლად და ინვესტიციების განსახორციელებლად. კითხვას ვსვამ მეგობრებო, როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე, ამ ყველაფერში ჩართულია, თითქმის, მთელი მოსახლეობა, ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული ანუ მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? ეს შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი მოქალაქე, რომელიც ფულის გადმორიცხვას ვერ შეძლებს. ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არაა, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული და ხალხის ინტერესებისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.